2025 წელი ენერგეტიკული თვალსაზრისით საკმაოდ აქტიური იყო, - ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ გადაცემა "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში განაცხადა.
მისი განმარტებით, მიმდინარე წელს, ქვეყანაში ძალიან ბევრი განახლებადი ენერგიის პროექტი მომზადდა და მიმდინარეობს მშენებლობები.
"გორის და კასპის მუნიციპალიტეტში ქარის სადგურების მშენებლობა მიმდინარეობს, რაც ძალიან საინტერესოა. ასევე, ძალიან აქტიური წელი იყო ნეტო აღრიცხვის სისტემაში ჩართული მზის მიკროსადგურების მშენებლობის თვალსაზრისით. ამ ენერგიის ნაწილი უშუალოდ მომხმარებლების მიერ მოიხმარება და ჭარბი ენერგიის გაყიდვა დადგენილი წესების დაცვით ხდება.
აღნიშნული სექტორი ინვესტორებისთვის კვლავაც საინტერესოა. ბევრი უცხოელი ინვესტორი მოდის ჩვენთან და კითხულობს მარეგულირებელ ნორმებს და იმას, თუ რა თამაშის წესებია ენერგეტიკის სექტორში", - აცხადებს დავით ნარმანია.