სატარიფო საკითხები მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები თითოეულ ადამიანზე აქვს გავლენა და კომისია ძალიან ზუსტად ახდენს შესაბამის გაარგარიშებებს, - ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ გადაცემა "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში ელექტროენერგიის ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, მარეგულირებელი კომისიის უმთავრესი ფუნქცია არის ბალანსის დაცვა მომხმარებლებსა და მიმწოდებლებს შორის. კომისია ყოველთვის ცდილობს ოქროს შუალედი მოძებნოს.
"ტარიფების დადგენას წინ უძღვის 6 თვიანი მოსამზადებელი პროცესი, რომლის ფარგლებში ჩემი ბრძანებით იქმნება აუდიტის ჯგუფი, რომელიც ახორციელებს ტარიფდასადგენი კომპანიის ფინანსების აუდიტს, რასაც ჩვენ ხარჯების დაწურვას ვეძახით. როდესაც ჩვენ ელექტროენერგიის ტარიფს დავადგენთ რამდენიმე მილიონი ლარის არ გათვალისწინება მოხდება, რათა ტარიფზე ზეწოლა შემცირდეს. ზუსტ ციფრს მე 29 დეკემბერს დავასახელებ. ბოლო დღეებშიც გარკვეული ფინანსური მაჩვენებლები ზუსტდება.
ამ ტარიფის მეორე ნაწილი არის მომდევნო პერიოდში განსახორციელებელი ინვესტიციების მოცულობა. გამომდინარე იქიდან, რომ ქსელი მოდერნიზებას საჭიროებს და მოძველებულია, განსაკუთრებით ხშირია ელექტროენერგიის გათიშვები რეგიონებში და ამ ყველაფერს ჩანაცვლება სჭირდება - ჩვენ მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება როგორც "თელასთან", ისე "ენერგო პრო ჯორჯიასთან", რომ ისინი ინვესტიციების მოცულობას გაზრდიდნენ. აღნიშნულით ისინი უფრო მეტ საყრდენ ბოძს, ტრანსფორმატორს და ქვესადგურს გამოცვლიდნენ და ამით ეტაპობრივად ავარიები შემცირდება. შესაბამისად, რა თქმა უნდა ტარიფზე ინვესტიციებიც ახდენს გავლენას.
მომდევნო 5 წლის განმავლობაში "ენერგო პრო ჯორჯიამ" უნდა დახარჯოს მილიარდ ნახევარ ლარზე მეტი, ხოლო "თელასმა" - 400 000 ლარი. რა გავლენას იქონიებს ეს ტარიფზე?! - მაგალითად, კომპანიამ შეთანხმებული ინვესტიციით უნდა შეიძინოს ტრანსფორმატორი. აღნიშნულს რა ექსპლუატაციის ვადაც აქვს 30 თუ 40 წელი - ამ პერიოდის განმავლობაში მან ტრანსფორმატორზე დახარჯული თანხა და ჩადებულ კაპიტალზე უკუგების, დაახლოებით, 15%-იანი ნორმა უნდა ამოიღოს", - აცხადებს დავით ნარმანია.
კომისიის თავმჯდომარის თქმით, არსებული ინფორმაციით, მთავრობის მიერ ტარიფის ნაზრდი მოწყვლადი ოჯახებისთვის დასუბსიდირდება.
ცნობისთვის, სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ მომდევნო წლიდან ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის ზრდა იგეგმება, ხოლო რამდენით გაიზრდება ტარიფი, ეს 29 დეკემბერს კომისიის სხდომაზე გახდება ცნობილი.
დღეს მოქმედი ტარიფები დადგენილია 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით − სემეკში საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები დაიწყო იმ მიზნით, რომ კომპანიებს დაუდგინდეთ ტარიფები მომდევნო პერიოდისთვის. ტარიფები დგინდება კომპანიების მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის ანალიზისა და მარეგულირებელი აუდიტის შედეგად.
ტარიფის დადგენის პროცესი არის გამჭვირვალე და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია ყველა ინფორმაცია, რაც ექვემდებარება საჯაროობას.
ტარიფში გათვალისწინებული იქნება ინვესტიციების მხოლოდ ის მოცულობა, რაც უზრუნველყოფს კომპანიის სტაბილურ ფუნქციონირებასა და რომელთა გათვალისწინების გარეშე, შეუძლებელია მომსახურების გაწევა.