ბუნებრივი აირის შემთხვევაში აზერბაიჯანთან გაფორმებული ხელშეკრულება, მათ შორის, შეღავათიანი გაზის მოწოდებასთან დაკავშირებით მომდევნო წლამდე მოქმედებს. ამიტომ ტარიფის არსებით ზრდას არ ველოდებით, ძალიან უმნიშვნელო კორექტირებები იქნება, - ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ გადაცემა "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, კომისიის მიერ დადგენილი ტარიფები ევროპაში და რეგიონში ერთ-ერთი დაბალია და საქართველოზე დაბალი ტარიფი რეგიონში, მხოლოდ აზერბაიჯანს და თურქეთს აქვს. დავით ნარმანიას თქმით, მეტი ენერგიის წყაროს შექმნა ქვეყანაში საშური საქმეა.
"ჩვენ გვაქვს ეკონომიკური ზრდა და ამავდროულად ცხოვრების დონის გაუმჯობესება. შესაბამისად, წლიდან წლამდე ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება და ეს უნდა დავაბალანსოთ, ანუ მეტი ადგილობრივი გენერაციის წყარო უნდა შევქმნათ. ბოლო პერიოდში, 2 ჰიდროელექტრო სადგური შევიდა ექსპლუატაციაში და ამაზე დიდი ობიექტები ბოლო რამდენიმე წელი არ შექმნილა. ამავდროულად მოთხოვნა უფრო მეტად გაიზარდა და შესაბამისად, იმპორტდამოკიდებულება უფრო გაგვეზარდა. ამიტომ, ან ენერგია უნდა შემოვიტანოთ, ან შემოვიტანოთ ბუნებრივი აირი აზერბაიჯანიდან და როგორც ბოლო პერიოდში კეთდება, გარდაბნის თბოსადგურების მეშვეობით ამ ბუნებრივი აირიდან ხდება ელექტროენერგიის გამომუშავება. მეტი ადგილობრივი გენერაციის ობიექტი იმპორტდამოკიდებულების შესაძლებლობას მოგვცემდა", - აცხადებს დავით ნარმანია.
რაც შეეხება კომისიის სხვა მიმართულებებს, მათ შორის, მომხმარებელთა უფლებების დაცვას - როგორც დავით ნარმანია აღნიშნავს, "სემეკი" თითოეული მომხმარებლის განცხადებაზე და საჩივარზე რეაგირებს.
"მხოლოდ მიმდინარე წლის განმავლობაში 3000 საჩივარი გვაქვს მიღებული. მილიონ ლარამდეა ის თანხა, რომელიც არასწორად დარიცხული, ან ხანდაზმული დავალიანებების სახით ჩამოვაწერეთ მომხმარებლებს. გარდა ამისა, სემეკის მარეგულირებელი ნორმების და მომსახურების, კომერციული ხარისხის სტანდარტების დარღვევის გამო, ჩვენს მიერ კომუნალურ კომპანიებს მომხმარებლების სასარგებლოდ 5 700 000-ზე მეტი ლარის გადახდა დაეკისრათ. ეს არის მხოლოდ ფინანსური კომპონენტი, რითაც კომპანიებს ეტკინათ", - აღნიშნა სემეკის თავმჯდომარემ.