logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

როგორია Ferrari-ს გეგმები საქართველოში - ინტერვიუ ალი ნაზართან

როგორც უკვე ცნობილია, თბილისში Ferrari -ს ოფიციალური შოურუმი გაიხსნა. იტალიური ბრენდი საქართველოში Nazar Group-ის პარტნიორობით შემოვიდა, რომელიც თავის მხრივ, 46-წლიანი გამოცდილებით, მომხმარებლებისთვის მაღალი სტანდარტის სერვისის მიწოდებას უზრუნველყოფს.

რეგიონში შოურუმის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე, Ferrari-ს გეგმებსა და სხვა დეტალებზე, „ბიზნესპარტნიორი“ Nazar Group-ის მფლობელს, ალი ნაზარს ესაუბრა:

 

  • Ferrari მხოლოდ ავტომობილი არ არის, ის ლეგენდაა. სწორედ ამიტომ, მინდა გკითხოთ, რას ნიშნავს პირადად თქვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის ის ფაქტი, რომ დღეიდან თბილისი უერთდება იმ რჩეული ქალაქების სიას, სადაც ეს ბრენდია ოფიციალურადაა წარმოდგენილი?

პირველ რიგში, ეს ჩემთვის გატაცებაა. რა თქმა უნდა, ბოლო წლებში საქართველოში ფერარის მფლობელთა რაოდენობის ზრდამ გვიბიძგა ამ ნაბიჯის გადადგმისკენ და საქართველოში ინვესტიციის განხორციელებისკენ. ქვეყნის სტაბილურობას ჩვენთვის, როგორც ინვესტორებისთვის და განსაკუთრებით როგორც უცხოელი ინვესტორებისთვის, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. დღეს ვხედავთ, რომ უკვე ბევრი საერთაშორისო ბრენდი შემოდის საქართველოში. ფერარის მფლობელებთან სიახლოვე, ასევე მათთვის ფერარის სტანდარტის შესაბამისი სერვისის უზრუნველყოფა, აუცილებელს ხდიდა ჩვენს აქ ყოფნას — ამიტომაც გადავწყვიტეთ ჩვენი დროშის აღმართვა თბილისში და ამ ლამაზი შოურუმისა და სახელოსნოს გახსნა.

  • ასევე მინდა გკითხოთ, რამდენად რთული იყო მოლაპარაკებების პროცესი და რატომ საქართველო?

წლების განმავლობაში Ferrari დეტალურად აფასებდა საქართველოში ამ შესაძლებლობას. ეს არ ყოფილა ერთდღიანი გადაწყვეტილება — ეს იყო ხანგრძლივი პროცესი, რომლის ფარგლებშიც ყველა საჭირო პროცედურა გავიარეთ. საბოლოოდ, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში საკუთარი შოურუმი გაეხსნა.

  • ჩვენ ვიცით, რომ შოურუმი მხოლოდ ლოკალური მნიშვნელობის არაა. გეგმავთ თუ არა, რომ თბილისი გახდეს Ferrari- მთავარი წერტილი მთელი რეგიონისთვის?

დღეს ვხედავთ ცვლილებებს ქართველი ხალხის დამოკიდებულებაში ფუფუნების მიმართ და იმას, თუ როგორ იზრდება საქართველოში ძვირადღირებული ბრენდების რაოდენობა. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს შექმნის ძალიან კარგ ბიზნეს გარემოს და აქ შევძლებთ ჩვენი ბიზნესის წარმატებით განვითარებას.

  • აქამდე Ferrari- მფლობელებს ტექნიკური მხარდაჭერისთვის საზღვარგარეთ უწევდათ წასვლა. იქნება თუ არა თბილისის სერვის-ცენტრი აღჭურვილი იმავე სტანდარტით, როგორც იტალიაში, მარანელოში?

რა თქმა უნდა, რადგან Ferrari-სთვის სტანდარტები პირველ ადგილზეა. ჩვენი ყველა ტექნიკოსი სრულად სერტიფიცირებულია Ferrari-ის მიერ და ყველა სერვისი ჩვენს სახელოსნოში მომხმარებლებისთვის უმაღლეს დონეზე იქნება უზრუნველყოფილი.

  • ეს მანქანები, შეიძლება თამამად ითქვას, რომ საინჟინრო ხელოვნების ნიმუშებია,  ვინ იზრუნებს მათზე, გაიარეს თუ არა ქართველმა სპეციალისტებმა გადამზადება უშუალოდ იტალიაში?

Ferrari-ს ამ მხრივ ძალიან მაღალი სტანდარტები აქვს. ჩვენი ტექნიკოსები ბევრ, ძალიან მნიშვნელოვან სასწავლო კურსს გადიან და შესაბამისად, ისინი შესანიშნავად მომზადებული სპეციალისტები არიან. ამის წყალობით შეგვიძლია გარანტია მივცეთ ჩვენს მომხმარებლებს, რომ უმაღლესი დონის სერვისს მიიღებენ.

  • რომელი მოდელების ნახვა შეუძლია ქართველ მომხმარებელს შოურუმში და გვქონდეს თუ არა მოლოდინი, რომ ექსკლუზიურ, ლიმიტირებულ მოდელებსაც ვიხილავთ?

რა თქმა უნდა. საქართველოში უკვე გვყავს ექსკლუზიური მოდელები, თბილისში წარმოდგენილი იქნება Ferrari-ს ყველა მოდელი. კლიენტებს შეეძლებათ ნებისმიერის შეკვეთა, რადგან ისინი ამას ნამდვილად იმსახურებენ.

  • რომ შევაჯამოთ, როგორ დაასრლებდით წინადადებას - Ferrari-ს ოფიციალური შემოსვლა საქართველოში არის ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა ...

გახდება მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი Ferrari-ს ლოკაცია, რაც აუცილებლად მიიპყრობს სხვა ინვესტორების ყურადღებასაც. ჩვენთვის და ქართველებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში წარმოდგენილი იყოს ასეთი მნიშვნელოვანი ბრენდი.

გამოგვყევით