ავტომობილების ერთ-ერთი უმსხვილესი ბრენდი საქართველოშია, Ferrari“-ს პირველი "შოურუმი" თბილისში გაიხსნა, რომელიც წარმოდგენილია ბრენდის უახლესი კორპორატიული იდენტობით და შექმნილია მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული გამოცდილების შესაქმნელად. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ იხილონ ავტომობილის სხვადასხვა მოდელი, მათ შორის ახალი 849 Testarossa.
როგორც Ferrari“-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა რენო დე პაოლიმ "ბიზნესპარტნიორთან" ინტერვიუში განაცხადა, ეს განსაკუთრებული მოვლენაა, რადგან პირველად იწყებენ pre-owned სერვისის გაშვებას კომპანიის ახალი კორპორატიული იდენტობის ფარგლებში.
"აღფრთოვანებულები ვართ, რადგან ეს არის სივრცე, სადაც გვინდა, რომ ქართველმა კლიენტებმა თავი ნამდვილად სახლში იგრძნონ. ჩვენ ამას Casa Ferrari-ს ვუწოდებთ. ჩვენი მიზანია შევქმნათ გარემო, რომელიც მათთვის კომფორტული, თბილი და სასიამოვნო იქნება. ქართულ ბაზარზე აშკარად ვხედავთ განვითარებას, ეს განპირობებულია ენთუზიაზმით სავსე კლიენტებით, რომლებიც რეალურად აფასებენ Ferrari-ს მთავარ ღირებულებებს: წარმადობას, მემკვიდრეობას და ოსტატობას,“- ამბობს, რენო დე პაოლი, Ferrari Europe & Africa-ს ხელმძღვანელი.
ლეგენდარული იტალიური ბრენდი საქართველოში Nazar Group-ის პარტნიორობით შემოვიდა, რომელიც თავის მხრივ, 46-წლიანი გამოცდილებით, მომხმარებლებისთვის მაღალი სტანდარტის სერვისის მიწოდებას უზრუნველყოფს.

"აქ თქვენ შეგიძლიათ ნახოთ Ferrari-ს სრული მოდელური სპექტრი. ჩვენ წარმოგიდგენთ ახალ 849 Testarossa-ს, რომელიც წარმადობის თვალსაზრისით მწვერვალს წარმოადგენს და აღჭურვილია უახლესი ჰიბრიდული ძრავით. ასევე წარმოდგენილია V8 Turbo ძრავით აღჭურვილი Roma Spider, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში არაერთხელ დასახელებულა ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ძრავად. ასევე წარმოდგენილია Purosangue, Ferrari-ს ერთ-ერთი ყველაზე უნივერსალური მოდელი, V12 ძრავით, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ კარგი მომენტები ოჯახსა და მეგობრებთან ერთად გაიზიაროთ. გარდა ამისა, აქ არის 296-იც, რომელსაც ჩვენ ერთ-ერთ ყველაზე სასიამოვნოდ სამართავ მოდელად მივიჩნევთ ჩვენს ხაზში,"-ამბობს რენო დე პაოლი.