logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

ოთარ შამუგია: რაჭაში ტყე არ გაყიდულა, არსებული კანონმდებლობით ტყის გაყიდვა შეუძლებელია

ოთარ შამუგია: რაჭაში ტყე არ გაყიდულა, არსებული კანონმდებლობით ტყის გაყიდვა შეუძლებელია

1700484576

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე რაჭაში სამონადირეო მეურნეობის მოწყობის ლიცენზიის საკითხზე ისაუბრა.

„პირველ რიგში დავიწყებ ლიცენზიის გაცემის პროცედურით. მინდა განვაცხადო, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, 2022 წლის მარტში, საჯარო აუქციონის წესით იქნა გაცემული ლიცენზია, რომელშიც გაიმარჯვა კონკრეტულმა კომპანიამ - „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკამ”. ამ პროცესს თან სდევდა, რა თქმა უნდა, გარკვეული კვლევები, შესაბამისი სამუშაოები. აუქციონის გამოცხადებამდე ერთი თვით ადრე პრესაში, ასევე გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე და სხვა საშუალებებით ინფორმაცია გავრცელდა. პროცესი იყო აბსოლუტურად საჯარო და იმ არსებული კანონმდებლობის შესაბამისი, რომელიც ამ საკითხს არეგულირებს ქვეყანაში. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ დაიცვა ყველა პროცედურა კანონმდებლობის შესაბამისად; აბსოლუტურად საჯაროდ გამოცხადდა აუქციონი და შესაბამისად გაიცა ლიცენზია“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რაჭაში ტყე ნამდვილად არ გაყიდულა და რომ არსებული კანონმდებლობით ტყის გაყიდვა არ არის შესაძლებელი.

„მინდა კიდევ ერთხელ ცალსახად და სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ეს არის სიცრუე, ტყე ნამდვილად არ გაყიდულა; არსებული კანონმდებლობით ტყის გაყიდვა არ არის შესაძლებელი“, -აღნიშნა მინისტრმა.

ოთარ შამუგიამ დეტალურად ისაუბრა ლიცენზიით გათვალისწინებულ ვალდებულებებსა და უფლებამოსილებაზე და აღნიშნა, რომ კომპანიას, რომელზეც ლიცენზია გაიცა, მიეცა უფლებამოსილება, რომ ტერიტორიაზე სამონადირეო მეურნეობის მოწყობის დროს განეხორციელებინა არანაკლებ 5 მილიონი ლარის ღირებულების ინვესტიცია, მოეწყო შესაბამისი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა; დასაქმებული ადამიანების 80%-ზე მეტი უნდა ყოფილიყო ადგილობრივი მოსახლეობა. ლიცენზიის მფლობელს ხელი არ უნდა შეეშალა მოსახლეობისთვის ტერიტორიაზე გადაადგილების დროს; ასევე, არამერქნული რესურსების მოპოვებისთვის. ლიცენზიაში კონკრეტულად არის გაწერილი, რომ სოციალური ჭრის ნაწილში, სატყეო სააგენტოსთვის ხელი არ შეეშალა საშეშე მერქნის მოპოვებაში.  ლიცენზიანტს ჰქონდა ვალდებულება, რომ მოსახლეობასთან ერთად, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად და სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან ერთად, შეედგინა მართვის გეგმა, განეხორციელებინა შესაბამისი კვლევები, მათ შორის, ზურმუხტის ქსელის ტერიტორიაზე. ინფრასტრუქტურული ნაწილის დაგეგმვის, შემდგომი საქმიანობის განსაზღვრის პროცესში ჩართული უნდა ყოფილიყო ადგილობრივი მოსახლეობა და გათვალისწინებული ყოფილიყო მათი ინტერესები.

გამოგვყევით