logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

ქართულ ბაზარზე ფუტკრის რძეზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება - ლადო ვარდოსანიძე

საქართველოში წარმოებული ფუტკრის რძით, რომელიც მაღალი ხარისხით გამოირჩევა, საერთაშორისო ბაზრებზე ინტერესდებიან. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ შპს „დესპანის“ დამფუძნებელმა  ლადო ვარდოსანიძემ  განუცხადა, ქართული პროდუქტი უკვე იყიდება ყაზახეთში.

„მყავს პარტნიორები, რომლებსაც ყოველწლიურად ფუტკრის რძეს ყაზახეთში ვუგზავნი. მაღალია ინტერესი თურქეთიდან და ბალტიის ქვეყნებიდანაც. თუმცა, დღეს ქვეყანაში ფუტკრის რძეს ძალიან ცოტა მეფუტკრე აწარმოებს, რის გამოც, ადგილობრივ ბაზარზე არსებულ მოთხოვნასაც ვერ ვაკმაყოფილებთ. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით, ექსპორტისგან თავს ვიკავებთ“, - აღნიშნა ლადო ვარდოსანიძემ.

მისივე ინფორმაციით, ადგილობრივ ბაზარზე ფუტკრის რძეზე მოთხოვნა და შესაბამისად, გაყიდვები წლიდან წლამდე იზრდება, რასაც ამ პროდუქტის სასარგებლო თვისებები განაპირობებს.

„წლევანდელი წელი იყო განსაკუთრებული, რეკორდული მოსავალი მივიღეთ - 44 კილოგრამი ფუტკრის რძე. ეს არის განსაკუთრებული, უნიკალური პროდუქტი, რომელიც შეიცავს 22 ამინომჟავას, შეიცავს სხვადასხვა ვიტამინებს“, - განმარტა ცნობილმა მეფუტკრემ.

როგორც ლადო ვარდოსანიძე აცხადებს, ფუტკრის რძის წარმოების პროცესი 3-დღიან ციკლს მოიცავს და რამდენიმე ეტაპისგან შედგება.

„ეს საქმე საკმაოდ რუტინულია, თუმცა შედეგიანი და სარგებლის მომტანი. სწორედ ამიტომ, მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი აზიურ ქვეყნებში ფუტკრის რძე, როგორც საკვები დანამატი დიდი პოპულარობით სარგებლობს. ვფიქრობ, საქართველოსაც აქვს პოტენციალი, რომ ამ პროდუქტის წარმოებაში დიდ წარმატებას მიაღწიოს, რისთვისაც აუცილებელია მისი ცნობადობის მაღალ დონეზე გაზრდა“, - აღნიშნა შპს „დესპანის“ დამფუძნებელმა.

ცნობისთვის, კომპანია „დესპანი“ სოფელ ბაზალეთში ფუტკრის რძეს უკვე 18 წელია აწარმოებს.

გამოგვყევით