"ქვეყნისთვის პრიორიტეტულია ბაზრების დივერსიფიცირება, აგრარულ დარგში ახალი ტექნოლოგიების დანერგვა. შესაბამისად, ბიზნესდელეგაციის ვიზიტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის ორმხრივად საინტერესო თანამშრომლობას,"- ამის შესახებ განცხადება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძემ არაბთა გაერთიანებული საამიროების საერთაშორისო პალატის ვიცეპრეზიდენტს ჰასან ალჰაშემთანთან შეხვედრაზე გააკეთა.
არაბთა გაერთიანებული საამიროების საერთაშორისო პალატის ვიცეპრეზიდენტმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ გაერთიანებული საამიროების მსხვილი ბიზნესმენები დაინტერესებული არიან საქართველოს აგრობიზნესში ინვესტიციების განხორციელებით. საქართველოში სტუმრობა მათთვის საუკეთესო შესაძლებლობა იქნება ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის სრულად გასაცნობად.
შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილმა ქვეყნებს შორის არსებული პარტნიორული თანამშრომლობის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და ამ პროცესში საამიროების ელჩის პირადი დამსახურების საკითხს გაუსვა ხაზი.
მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოში აგრარული დარგის განვითარებისთვის ხელშემწყობ სახელმწიფო პროგრამებზე და საექსპორტო პოტენციალის მქონე სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე.
შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე წლის შემოდგომაზე საქართველოში არაბთა წარმომადგენლობითი ბიზნესდელეგაციის ვიზიტის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.