რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის, კახა კონიაშვილის ინფორმაციით, საქართველო რძის პროდუქტების მიმართულებით თვითკმარი ქვეყანა არ არის და ადგილობრივი ბაზარი ნედლეულის იმპორტზეა დამოკიდებული.
როგორც გადაცემა "ბიზნესპარტნიორთან" სფეროს წარმომადგენელი აღნიშნავს, ქვეყანაში ყოველწლიურად დაახლოებით, 600 მლნ ლიტრი რძე იწარმოება, მაშინ როდესაც მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მინიმუმ 1 მლნ-მდე ლიტრია საჭირო. შედეგად, დღეს რძის პროდუქტების 30%-ი იმპორტზე მოდის.
"ნედლეულის მთელი რიგი იმპორტი გვიწევს, ეს ყველაფერი შეეხება რძის ფხვნილს, ცხიმს, კარაქს და ა.შ. აღნიშნული პროდუქტები მსოფლიო ბაზარზე წლიდან წლამდე ძვირდება. შესაბამისად, ეს ყველაფერი ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე ავტომატურად რეაგირებს. მოკლედ, თავი და თავი ყველაფრის განმსაზღვრელი - ქვეყანაში რძის ოდენობაა, თუ ამ თვალსაზრისით გარკვეული სახის ნახტომს ვერ შევძლებთ, ფასების რეგულირება, დაწევა არ მოხდება", - აღნიშნავს კახა კონიაშვილი.
რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი სურსათის ეროვნული სააგენტოს როლზეც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ ბოლო პერიოდში სახელმწიფო სექტორი საკმაოდ გააქტიურდა.
"რძის პროდუქტების მიმართულებით პრობლემა კომპლექსურია და მხოლოდ სახელმწიფოს, ან ბიზნესის ბრალი არ არის. მაგალითად, ძალიან ბევრი დონორი მნიშვნელოვან თანხას დებდა სოფლის მეურნეობის, კონკრეტულად ამ სექტორის განვითარებისთვის, მაგრამ ეს არ იყო სწორი მიმართულებით დახარჯული თანხა. შესაბამისად, ბიუჯეტი წლების განმავლობაში ჰაერში გადაყრილი აღმოჩნდა.
ამასთან, ბოლო პერიოდში, სურსათის ეროვნული სააგენტო ძალიან ბევრ არალეგალურ მეწარმეებს ამოწმებს. ჩვენი მიზანია, რომ ეს ხალხი ლეგალურ ჩარჩოში მოვაქციოთ, რომ კონკურენცია კეთილსინდისიერი იყოს", - აცხადებს კახა კონიაშვილი.