ივნისის თვეში მოსულმა ხშირმა ნალექმა, საქართველოში ხორბლის მოსავლის აღების პროცესი შეაფერხა. დატბორილია ხორბლის ყანების დიდი ფართობი, ნიადაგი ვერ შრება და კომბაინები შესვლას ამ დრომდე ვერ ახერხებენ, - ამის შესახებ “ბიზნესპარტნიორთან“ საუბარში მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ბენიაიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, შირაქში, რომელიც საქართველოს პურის ბეღელია, ხორბლის აღება ჯერ არც შესულა აქტიურ ფაზაში, რადგან მოსავალი, ფაქტობრივად, წყალშია.
„კიდევ უფრო ცუდი მდგომარეობაა ალაზნის ველზე, სადაც ასევე უხვ ნალექს, ბოლო კვირებში თან დაერთო რამდენჯერმე მოსული სეტყვაც, რამაც ხორბლის ასობით ჰექტარი გაანადგურა. ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, ხორბლის დანაკარგები დღითი დღე იზრდება და სავარაუდოდ, ქვეყანა იმ რაოდენობის მოსავალსაც ვერ მიიღებს, რაც გასულ 2023 წელს. ამასთან, ვფიქრობთ, რომ გაუარესებული იქნება ხორბლის ხარისხიც“, - განმარტა ნიკოლოზ ბენიაიძემ.
მისივე განმარტებით, ამ დრომდე, უცნობია რა ფართობზე შესვლას მოახერხებენ ფერმერები და რა რაოდენობის ხორბალს გამოიტანენ. აღსანიშნავია, რომ წინა წელს ქვეყანამ მოსავლის სახით 150 ათასი ტონა ხორბალი მიიღო. დაახლოებით, ანალოგიური მოსავლის პროგნოზები კეთდებოდა მიმდინარე წელსაც.
რაც შეეხება საერთაშორისო ბირჟებს, აქ ბოლო პერიოდში, ხორბალზე ფასების შემცირება ფიქსირდება, რაც რუსულ ბაზარზე განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. კერძოდ, Bloomberg-ის ინფორმაციით, რუსულ ხორბალზე, სხვა ქვეყნის წარმოებასთან შედარებით, ფასები ეცემა - მიზეზი რუსეთში დაფიქსირებული ცხელი ამინდებია, რამაც ხორბლის მოსავლის აღება დააჩქარა, ნედლეულით მოვაჭრეებს კი კონკურენტ ქვეყნებთან შეჯიბრება უწევთ.
როგორც ცნობილია, რუსეთი მსოფლიოში ხორბლის წამყვანი ექსპორტიორია, თუმცა 2024-25 წლის სეზონზე შემცირებულ მოსავალს ელოდება. მოსავლის კლებაა ნავარაუდევი ხორბლის უმსხვილეს მწარმოებელ სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის უკრაინაში, ავსტრალიასა და ინდოეთში, რაც ასევე კლიმატურ პირობებს უკავშირდება. აქედან გამომდინარე, ანალიტიკოსები ელიან, რომ ხორბლის გლობალური მარაგები, სავარაუდოდ, 9-წლიან მინიმუმამდე დაეცემა, თუმცა, მსოფლიოს ხორბლის დეფიციტი არ დაემუქრება, რადგან გააჩნია გარდამავალი მარაგები.
ანალიტიკოსები ხორბალზე საერთაშორისო ფასების კლების გაგრძელებას აღარ ელოდებიან, პირიქით, შემცირებული მოსავლის გამო, ფიქრობენ, რომ უახლოეს პერიოდში, როგორც რუსული ხორბალი, ისე სხვა ქვეყნების მიერ წარმოებული ხორბალი კიდევ გაძვირდება.
შეგახსენებთ, 2024 წლის მაისში ხორბლის ფასი თვიურად თითქმის 16%-ით გაიზარდა. ანალიტიკოსების თქმით, 2022 წლის თებერვლის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, ეს ფასის უმსხვილესი თვიური ზრდა იყო.