სამკაულები ბავშვებისთვის, რომელიც სპეციალური დიზაინით იქმნება ბაზარზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა.
მისი დამფუძნებელი თამარ ბენდელიანია, რომელიც უკვე წლებია ტიხრულ მინანქარს ქმნის და საკუთარი ბრენდიც აქვს. ამის მიუხედავად მომხმარებელს ახალი ხაზი წარუდგინა, რომელიც მხოლოდ ბავშვებზეა მორგებული.
როგორც “ბიზნესპარტნიორთან” ინტერვიუში აცხადებს, ბრენდი ყველა ასაკისთვის არის გათვლილი.
“მინანქრის სამკაულის შექმნა ჩემი შვილის სახელის ინიციალით დავიწყე, დავუმზადე ლურჯი ფერის ქართული „კ“, სამაჯური მძივებით გავაწყვე და ვერცხლისთავიანი მაგნიტის მარტივი შესაკრავით დავაგვირგვინე. თეთრი სიფრიფანა ფურცლიანი ყვავილი ფირუზისფერი იაპონური მინანქრის ფონზე, ასეთია კატოს ჯვრის ვიზუალური აღწერა, ხოლო მასში ნაგულისხმევია ჩემი დედობრივი მზრუნველობა და მისი სინაზე.”- აღნიშნავს თამარ ბენდელიანი.
სწორედ აქედან დაიწყო Katio ციფრული გვერდის შექმნა. სახელოსნოში, ამ ეტაპზე, მზადდება საბავშვო სამაჯურები, საყურე, ჯვრები, სახელობითი მედალიონები, ფეხის სამაჯურები.
"ყველაზე მოთხოვნადია სამაჯურები ბავშვების სახელით ან ინიციალით და ჯვრები. სამუშაო პროცესში ჩართულია ჩემი ექვსი წლის ბიჭი, რომელსაც უამრავი კითხვა აქვს ყველაფრის შესახებ და ასევე ერთი წლის კატო, ამიტომ სამუშაო პროცესზე კონცენტრირება ცოტა რთულია. თუმცა, ახალი იდეები და ნამუშევები სწორედ მათთან ურთიერთობის დროს ჩნდება. მინდა მოტივაცია მივცე დედებს, რომლებსაც ჩემსავით, პატარას აღზრდის პარალელურად საქმის კეთება უწევთ.
ასევე, მეხმარებიან უნიჭიერესი ახალგაზრდა დიზაინერები. მათი შრომის და კომპიუტერული დანადგარების მეშვეობით ახალ სამინანქრე ყალიბებს ვქმნი, რომლის ავტორი ვარ მე და ამ კუთხით ავთენტურობაც აქვს ჩემს მინანქარს. ველოდები ახალ დიზაინს, რომელიც უკვე ჩაშვებულია გამოსაჭრელად „შობის ვარსკვლავი“, „კესანე“, „ბეღურა“- ამბობს “კატიოს” დამფუძნებელი.
მისივე თქმით, საბავშვო სამკაულებზე მუშაობა რთულია, რადგან სამკაული უნდა იყოს უსაფრთხო. დიდი მნიშვნელობა აქვს ფორმას, ზომას, ზედაპირიც გლუვი უნდა იყოს.
“კონკურენცია ნამდვილად არის, თუმცა Katio-ს ნაკეთობებს გამოვარჩევდი რამდენიმე დეტალით. ვერასდროს მივყვები მარკეტინგულად გათვლილ წესებს ნაბიჯ-ნაბიჯ, ჩემი მინანქარი არის უფრო პერსონალური და უშუალო ურთიერთობის შედეგად შექმნილი ნაწარმი. როცა შესაკვეთად მომწერენ ხოლმე ყველა დეტალს ერთად განვიხილავთ; ფერს, ფორმას,ადრესატის სახელს, ხასიათს, გემოვნებას და ასეთ დიალოგებში იქმნება ახალი ნივთის წარმოსახვითი ვიზუალი, რომელიც შემდეგ ესკიზში გადამაქვს.” ამბობს თამარ ბენდელიანი.
ამ ეტაპზე, ბრენდი ოქროს სამკაულების საბავშვო ხაზის გამოშვებაზე მუშაობს. რაც შეეხება რეალიზაციას, ონლაინ იყიდება, სხვადასხვა ციფრულ პლატფორმაზე, თუმცა სამომავლოდ ბრენდი კონცეპტუალურ მაღაზიებში შესვლას არ გამორიცხავს. “კატიოს” შორეული გეგმები ექსპორტთანაც არის დაკავშირებული.