logo
Loading data...

"საგადასახადო შეღავათი კონკურენტუნარიანობის ზრდასა და განვითარებაში დაგვეხმარება" - ტენე

"საგადასახადო შეღავათი კონკურენტუნარიანობის ზრდასა და განვითარებაში დაგვეხმარება" - ტენე

1711020600

მწვანე კონცეფციის USB კაბელის მწარმოებელი კომპანიის ‘’ტენეს“ დამფუძნებელი სანდრო ლილუაშვილი ‘’ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ინოვაციური სტარტაპებისთვის დაწესებული შეღავათის ყველაზე დიდი ბენეფიტი კომპანიისთვის ბაზარზე კონკურენტული უპირატესობის მიღწევა იქნება.

ლილუაშვილის შეფასებით, გადასახადის გაუქმება  სახელმწიფოს მხრიდან ყველაზე დიდი მხარდაჭერაა, რასაც კომპანია წარმოების გაფართოებასა და კომპანიის განვითარებისთვის გამოიყენებს.

,,ტენე“  USB კაბელის დასამზადებლად მეორადი პლასტმასის ბოთლების სახურავებს იყენებს, შესაბამისად, კომპანიის მიზანი გარემოს დაცვა და ენერგიის დაზოგვაა.

‘’წარმოდგენაც შეუძლებელია, იმდენად დიდი შეღავათია დამწყები ბიზნესისთვის გადასახადების განულება.  ჩვენს შემთხვევაში, ეს იქნება მისწრება, რადგან არათანაბარი კონკურენციის პირობებში გვიწევს მუშაობა და ამის გამო რეალურად დიდი პრობლემას განვიცდით. კერძოდ,  USB კაბელის ადგილობრივი ბაზარი თითქმის მთლიანად ჩინურ კომპანიებს აქვთ დაპყრობილი და ვერ შევდივართ მათთან კონკურენციაში. თუკი გადასახადები გაგვიუქმდება და გამოთავისუფლებულ რესურსს წარმოებაში ჩავდებთ, გვექნება შესაძლებლობა, რომ ბაზრის გარკვეული წილი წავართვათ ჩინელ მწარმოებლებს, კონკრეტულად რამდენი, ვერ გეტყვით, თუმცა პოზიციებს მკვეთრად გავაუმჯობესებთ.  კონკურენციის პრობლემა თუ ვერ მოგვარდება, ვერაფერს გავხდებით. ამისთვის კი სახელმწიფოს მხარდაჭერა მნიშვნელოვანია“, - აცხადებს სანდრო ლილუაშვილი.

მისი ინფორმაციით, საგადასახადო ხარჯი გამოშვებული პროდუქციის თვითღირებულების დაახლოებით 25%-ს შეადგენს.

როგორც ‘’ტენეს“ დამფუძნებელი აღნიშნავს, კომპანია შესაძლებლობის ფარგლებში  ისარგებლებს ასევე სრულმასშტაბიანი ინკუბაციის პროექტით, რომლის განხორციელებასაც საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო გეგმავს.

ცნობილია, რომ საქართველოში განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის სტატუსი და ამ სტატუსის მქონე კომპანიებს 3 წლის განმავლობაში ყველა გადასახადი გაუნულდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერმა დაასახელა სამი ინოვაციური მიმართულება, რომელიც ინოვაციური სტარტაპის სტატუსს მიიღებს: ხელოვნური ინტელექტი, ფაგიო და აგროტექნოლოგიები.

ამასთან, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ყოველწლიურად 160 სტარტაპს მისცემს შესაძლებლობას, რომ საქართველოში მაღალი დონის ინკუბაცია გაიაროს.

შესაბამისად, როგორც სააგენტოს ხელმძღვანელმა ავთანდილ კასრაძემ განმარტა, განხორციელდება სრულმასშტაბიანი ინკუბაციის პროექტი, რომელიც მოიცავს სტარტაპების ინკუბაციის 12 თვიან პროგრამას 3 ეტაპად: Founder Market Fit, MVP და Market Entry.

მარი ჩიტაია

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით