საქართველოში 2025 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით, ტურისტული ვიზიტების ახალი რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს 2.3 მილიონ ვიზიტს მიაღწია. საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტების რაოდენობამ კი 3.2 მილიონი შეადგინა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2025 წლის პირველ ორ კვარტალში, საქართველოში, 3,153,741 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2024 წელთან შედარებით ზრდა 4.4%-ია. იანვარ-ივნისის პერიოდში, ქვეყანაში 2,270,363 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2024 წელთან შედარებით 6.9%-ით მეტია.
ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა 2025 წლის მეორე კვარტალშიც, აპრილ-ივნისის პერიოდში 1,311,416 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2024 წელთან შედარებით 10.7%-ით მეტია. რაც შეეხება საერთაშორისო ვიზიტებს, მეორე კვარტალში 1,838,913 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2024 წელთან შედარებით 6.9%-ით მეტია.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში, 2025 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში, ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა განსაკუთრებულად გაიზარდა. ვიზიტორთა რაოდენობამ ახალ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. 2025 წლის პირველ ორ კვარტალში ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში 201,986 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.2%-იანი ზრდაა.
საერთაშორისო ვიზიტები მნიშვნელოვნად გაიზარდა შემდეგი ქვეყნებიდან: საბერძნეთი (+28.2%; +3,006 ვიზიტით მეტი), იტალია (+26.1%; +2,271 ვიზიტით მეტი), ესპანეთი (+25.9%; +1,638 ვიზიტით მეტი), გაერთიანებული სამეფო (+25.8%; +3,880 ვიზიტით მეტი), პოლონეთი (+21.9%; +6,043 ვიზიტით მეტი), გერმანია (+4.2%; +1,296 ვიზიტით მეტი) და სხვა.
ევროკავშირის ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს მართავს, მონაწილეობს საერთაშორისო გამოფენებსა და კონფერენციებში. ევროპის ქვეყნებიდან ტურისტული ვიზიტების კიდევ უფრო გასაზრდელად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტივობებს წლის ბოლომდე აგრძელებს.
მოგზაურთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა სპარსეთის ყურის ქვეყნებიდანაც. აღნიშნულ მიმართულებაზე 47,430 ვიზიტი შედგა, რაც 10.5%-ით, 4,525 ვიზიტით მეტია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
საერთაშორისო ვიზიტები გაიზარდა საუდის არაბეთიდან (+20.8%), კატარიდან (+15.9%) და არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან (+12.5%). 2025 წლის პირველ ორ კვარტალში მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ისრაელი ( 45,081 ვიზიტით მეტი; +35.7%), აზერბაიჯანი (35,776 ვიზიტით მეტი; +36%), ინდოეთი (18,146 ვიზიტით მეტი; +31.4%) და ჩინეთი (13,902 ვიზიტით მეტი; +42.3%).