logo
Loading data...

"ბაკურიანის მიმზიდველობის ფონზე ცემის ტურისტული პოტენციალი აუთვისებელი რჩება" -  განთიადი

"ბაკურიანის მიმზიდველობის ფონზე ცემის ტურისტული პოტენციალი აუთვისებელი რჩება" -  განთიადი

1707390420

კურორტი ცემი ძირითადად ადგილობრივი დამსვენებლებისთვის არის პოპულარული, მისი უნიკალური ჰავისა და ტურისტული პოტენციალის მიუხედავად, უცხოელი ტურისტები მთის ამ კურორტს ნაკლებად იცნობენ, - ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორთან" კურორტზე  მდებარე სასტუმრო "განთიადის" გენერალური მენეჯერი დიანა ჩომახაშვილი  აცხადებს.

მისი ინფორმაციით, კომპანია უცხოელი ვიზიტორების მოზიდვას და ცემის ტურისტული პოტენციალის განვითარებას მაქსიმალურად ცდილობს.

ჩომახაშვილის ინფორმაციით, სასტუმროს სერვისებზე მოთხოვნა ბოლო პერიოდში საკმაოდ გაიზარდა, რაც იმედს იძლევა, რომ უცხოელი ტურისტების წილის ზრდას შეძლებენ, რაც ერთ-ერთი გამოწვევაა.

როგორც ‘’განთიადის“ გენერალური მენეჯერი აღნიშნავს, იანვარში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სასტუმროს სერვისებზე მოთხოვნა 20%-ით არის გაზრდილი, ხოლო ზაფხულობით კომპლექსი სრულად დატვირთულია.

,,ზამთრის სეზონი  ერთ-ერთი საუკეთესოა, აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ და ვიღებთ ჯავშნებს.  ძირითადად მაინც ცემში ბავშვიანი ოჯახები ისვენებენ. თოვლი და უსაფრთხო გარემოა, რაც კომფორტული დასვენებისთვის მნიშვნელოვანია. ბავშვებისთვის საციგაო და სათხილამურო სივრცეები გვაქვს. შიდა სივრცეებიც მაღალ დონეზე არის მოწესრიგებული, პატარებისთვის ფუნქციონირებს  ბავშვთა ოთახი, რომელიც  10- დან 22 საათამდე მუშაობს, ასევე საგანმანათლებლო და გასართობი მიმართულება, რომელიც საკმაოდ მრავალფეროვანია.  თუკი ბაკურიანი სპორტული ღონისძიებებისთვის  და თავგადასავლების მაძიებლებისთვის არის საინტერესო, ცემი არის იმ კატეგორიის დამსვენებლებისთვის, ვისაც ბუნებაში მშვიდი და კომფორტული დასვენება სურს. მთლიანობაში, პოპულარული კურორტია, მაგრამ ძირითადად ადგილობრივ მოსახლეობაში. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ კურორტის ცნობადობა გაიზარდოს უცხოელ ტურისტებში, რაც ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია“, - აცხადებს დიანა ჩომახაშვილი.

მისივე ინფორმაციით, ‘’განთიადში“ უცხოელი ვიზიტორების წილი მიმდინარე სეზონზე 5-10%-ის ფარგლებშია და გეგმავენ, რომ ეს მაჩვენებელი მკვეთრად გაზარდონ. თუმცა ამისთვის მნიშვნელოვანია ცემის ინფრასტრუქტურა განვითარდეს.

,,ცემი არაფრით ჩამოუვარდება პოპულარულ მთის კურორტებს. სამწუხაროდ, ბაკურიანის მიმზიდველობის ფონზე, ცემის პოტენციალი აუთვისებელი დარჩა. ამ დროს აქ ყველა შესაძლებლობაა, რომ ტურიზმი განვითარდეს. ძალიან მოსწონთ უცხოელებს, ვინც ერთხელ მაინც გვეწვია, კმაყოფილია, თუმცა ჩვენ გვინდა მეტ ადამიანს ვუმასპინძლოთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან,  ამისთვის კი ინფრასტრუქტურა  უკეთესად უნდა განვითარდეს. ძირითადად საკუთარი რესურსით გვიწევს სამუშაოების ჩატარება. რეალურად დიდი შესაძლებლობაა, მოვიზიდოთ დამსვენებლები და ცემის ტურისტული პოტენციალი სრულად ავითვისოთ“, - აცხადებს დიანა ჩომახაშვილი.

ცნობისთვის, მთის კურორტი ‘’განთიადი’’ ცემში, ბავშვთა სანატორიუმ ‘’განთიადის“ ბაზაზე გახსნილი  70-ნომრიანი სასტუმროა. სანატორიუმი 1973 წლიდან 2022 წლამდე ფუნქციონირებდა.  სასტუმროს საინვესტიციო ღირებულება ₾ 5 მილიონს შეადგენს.

''განთიადი" 2022 წლის ივნისში ამოქმედდა.

მარი ჩიტაია

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით