logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"ჩინელები და ინდოელები დაახლოებით, 10-დან 14 დღემდე მოგზაურობენ და საკმაოდ ბევრ ფულს ხარჯავენ" - მაია ომიაძე

"ჩინელები და ინდოელები დაახლოებით, 10-დან 14 დღემდე მოგზაურობენ და საკმაოდ ბევრ ფულს ხარჯავენ" - მაია ომიაძე

1752172250

„ვფიქრობ, რომ ძალიან სწორი და წარმატებული მარკეტინგული კამპანიები გვაქვს და სწორედ ამაზე მეტყველებს ციფრები“, - ასე შეაფასა „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ  შემომყვანი ტურიზმის მიმართულებით გამოქვეყნებული ბოლო სტატისტიკური მაჩვენებლები.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში საქართველოში ტურისტული ვიზიტები რეკორდულად გაიზარდა. იანვარ-ივნისის მონაცემებით, ტურისტული ვიზიტების ახალი რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს 2.3 მილიონ ვიზიტს მიაღწია. საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტების რაოდენობამ კი 3.2 მილიონი შეადგინა.

„აქ ძალიან მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება პროცენტულ მაჩვენებლებზე. უნდა აღინიშნოს, რომ ტურისტული ვიზიტები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის 5%-ით არის გაზრდილი, ხოლო, საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტების რაოდენობაში 7%-იანი მატება შეინიშნება.

ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ გაზრდილია მოგზაურების რიცხვი იმ ბაზრებიდან, სადაც ჩვენ სხვადასხვა ტიპის მარკეტინგულ კამპანიებს ვახორციელებთ და სადაც ჩვენ ვამატებთ ფრენებსა და სიხშირეებს. ესენია - ევროკავშირის ქვეყნები და დიდი ბრიტანეთი, ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნები, ჩინეთი და ინდოეთი. ჩვენ ამ ბაზრებზე წელს აქტიურად დავიწყეთ კამპანია ადგილობრივ მარკეტინგულ კომპანიებთან ერთად, რაც აისახა კიდეც შედეგებზეც“, - განმარტა მაია ომიაძემ.

მისივე თქმით, მაგალითად დიდი ბრიტანეთიდან ტურისტების დიდი რაოდენობით ზრდა სწორედ იმ ფაქტს უკავშირდება, რომ წელს აღნიშნულ ქვეყანასთან საქართველოდან პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო და  ფრენები კვირაში 6 დღე სრულდება. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბაზრების დივერსიფიცირების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ საქართველომ მოახერხა სწორი სტრატეგიით მოეხდინა ბაზრების დივერსიფიცირება.

„ჩვენი სტრატეგია ორიენტირებულია მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვაზე და ასევე ბაზრების დივერსიფიცირებაზე. პირობითად ვამბობ, ძალიან აქტიურად დაიწყეს ჩინელებმა და ინდოელებმა მთელ მსოფლიოში მოგზაურობა.მათი სამოგზაურო ქცევა არის საკმაოდ ხანგრძლივი მოგზაურობა - ისინი, დაახლოებით, 10-დან 14 დღემდე მოგზაურობენ და საკმაოდ ბევრ ფულს ხარჯავენ. შესაბამისად, ჩვენ შევძელით, რომ დაგვეინტერესებინა ამ ქვეყნებიდან მოგზაურები. არამარტო ჩვენ, არამედ მთელი მსოფლიო ცდილობს, რომ გარკვეული წილი მოგზაურებისა ინდოეთიდან და ჩინეთიდან წამოიღოს“, - აღნიშნა მაია ომიაძემ.

მისივე ინფორმაციით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სხვადასხვა ქვეყნის მოგზაურების ქცევას აკვირდება, სწავლობს და სწორედ ამ დაკვირვებების შედეგად ახდენს მარკეტინგული კამპანიების ფორმირებას.

გამოგვყევით