გოდერძის კურორტზე არსებული კოტეჯები Eagle's Nest-ი 2026 წელს გაფართოებას გეგმავს. როგორც დამფუძნებელმა ჯონი შავაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, მომდევნო წელს კიდევ ერთ კოტეჯს დაამატებს.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის, დაახლოებით, 20-25 000 დოლარი დაიხარჯება.
"გვაქვს მოლოდინი, რომ წელს კარგი სეზონი გვექნება, რაც სამომავლოდ გაფართოების შესაძლებლობას მოგვცემს. ამჟამად, 2 კოტეჯი გვაქვს და 12 ადამიანის განთავსება შეგვიძლია. გაფართოების შემთხვევაში კი ჯამში 18-მდე ადამიანს ვუმასპინძლებთ.
გარდა ამისა, გვაქვს სურვილი, რომ საუნა დავამატოთ. ყველაფერი დამოკიდებულია მიმდინარე სეზონი როგორ ჩაივლის. ამ ეტაპის შეფასებით, შემიძლია გითხრათ, რომ კარგი მაჩვენებლები გვაქვს. თებერვლამდე კოტეჯები თითქმის სრულად დატვირთულია", - აცხადებს ჯონი შავაძე.
მანვე აღნიშნა, რომ კურორტის მიმართ ინტერესი დიდია, თუმცა განთავსების ობიექტი საკმარისი არ არის და სასტუმროების რაოდენობა მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს.
ცნობისთვის, კურორტ გოდერძიზე არსებული კოტეჯები Eagle's Nest-ი ბაზარზე, დაახლოებით, 2 წლის წინ გამოჩნდა და ამ ეტაპზე, 2 კოტეჯს მოიცავს.