მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტი ვერ შეძლებს დიდი თვითმფრინავების მიღებას, ამიტომ ახალი, უფრო დიდი აეროპორტის მშენებლობა აუცილებელია, რადგან სვანეთში ტურისტების რაოდენობა უფრო და უფრო იზრდება, - ამის შესახებ მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ახალი აეროპორტი შესაძლებელია, საერთაშორისო ფრენებსაც მოემსახუროს.
„სამომავლოდ ვფიქრობთ, მოვნახოთ ისეთი ადგილი, სადაც ახალი აეროპორტი აშენდება. ეს ინიციატივა მუნიციპალიტეტის მხრიდან წამოვიდა. თავად აეროპორტების გაერთიანებასთანაც ვისაუბრეთ, რომ არსებული აეროპორტი ვერ შეძლებს დიდი თვითმფრინავების მიღებას, ამიტომ სხვა ადგილი უნდა შეირჩეს. ტურიზმის და ზოგადად, სვანეთის განვითარებისთვის აუცილებელია დიდი აეროპორტის არსებობა. მსჯელობა დაწყებულია და რაც მთავარია წინ მივდივართ. არსებული აეროპორტი იფუნქციონირებს თუ არა, ამას საჭიროება დაგვანახებს.
როდესაც მესტია-ლენჯერის სივრცითი მოწყობის გეგმა დამტკიცდება, ალბათ მოინიშნება ეს საკითხიც და შესაბამისი ნაბიჯებიც გადაიდგმება. აღნიშნულ გეგმას მომავალ წელს ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი მოწყობის სააგენტო უზრუნველყოფს“, - აცხადებს კაპიტონ ჟორჟოლიანი.
ცნობისთვის, მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტი, საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მაღალმთიანი რეგიონში - სვანეთში, მესტიაში მდებარეობს. მესტიის აეროპორტიდან რეგულარული ავიარეისები ხორციელდება ნატახტარისა და ქუთაისის აეროპორტიდან.
ამასთან, დაგეგმილია მესტიაში თანამედროვე სტანდრატების ახალი ტერმინალის მშენებლობა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვის მიზნით კონკურსი გამოცხადდა, რომელშიც კომპანია Green Studio-მ გაიმარჯვა. ტერმინალი საათში 100 მგზავრის მომსახურებაზე იქნება გათვლილი.