"პირამიდისა" და "ბუს კვერცხების" მწარმოებელი კომპანია მარტში 4-მდე ახალ პროდუქტს დაამატებს. ამის შესახებ სათამაშოების ნაკრების ადგილობრივი მწარმოებელი კომპანია “ქართული თემის“ „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა მანუჩარ ლობჟანიძემ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, კომპანიის პროდუქტებზე მოთხოვნა ყოველთვიურად იზრდება.
"პროდუქტების დამატებას ახალი საწარმოს გახსნის შემდეგ ვაპირებდით, თუმცა გადაწყვეტილება შევცვალეთ და ასორტიმენტს დაახლოებით, 4 თვეში გავზრდით. ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი ამ ეტაპზე "ბუს კვერცხებია", თუმცა სხვა პროდუქტებიც ძალიან მოთხოვნადია ჩვენი მომხმარებლების მხრიდან", - აცხადებს მანუჩარ ლობჟანიძე.
რაც შეეხება ახალ საწარმოს, რომლის მშენებლობაც ლილოშია დაგეგმილი - კომპანიის დამფუძნებელი განმარტავს, რომ ეს ძალიან ხანგრძლივი პროცესია და ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება მშენებლობა.
"მიმდინარეობს მუშაობა 2 სამშენებლო კომპანიასთან. ვაპირებთ საწარმოს აშენებას - 4 000 კვადრატულ მეტრზე. განიხილება ფინანსური და ასევე, სხვა საკითხები. საბოლოო გადაწყვეტილება კომპანიებისგან შემოთავაზებული წინადადებებიდან გამომდინარე იქნება მიღებული. გარდა ამისა, მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით განცხადება შეტანილი გვაქვს მერიაში, თუმცა ვერ გეტყვით, რომ ნებართვის მიღებისთანავე დავიწყებთ მშენებლობას. გვინდა, რომ მაქსიმალურად დავხვეწოთ პროექტი და შემდეგ დავიწყოთ მშენებლობა", - აცხადებს მანუჩარ ლობჟანიძე.
მანვე აღნიშნა, რომ ამჟამად "ქართული თემის" პროდუქცია საქართველოში, ქსელურ მარკეტებში იყიდება, თუმცა ახალი საწარმოს აშენების შემდეგ ექსპორტზე მუშაობა დაიწყება.
ცნობისთვის, „ქართული თემა“ ქართულ ბაზარზე 2019 წლიდანაა და 3-დან 11 წლამდე ბავშვებისთვის მცირე ზომის სათამაშოების ნაკრებს საინტერესო შეფუთვით სთავაზობს. დიდი და მცირე ზომის „პირამიდებსა“ და „ქართული კოშკში“, “ბუს კვერცხებში“, ასევე "ქექეში" მომხმარებელს ხის სათამაშოების და ტკბილეულის აღმოჩენა შეუძლია. კომპანია სათამაშოების რეალიზაციას მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს.