ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ამბობს, რომ საქართველოდან ფრენები შვეიცარიაშიც შესრულდება. ამის შესახებ მან "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, მიმდინარე წლის გაზაფხულიდან ქართულ ბაზარზე ბრიტანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია EasyJet-ი შემოდის, რომელიც ფრენებს რამდენიმე მიმართულებით შეასრულებს.
„ავიაკომპანია EasyJet-ის შემოსვლა არა არის მხოლოდ შემოსვლა დიდი ბრიტანეთის ტურისტული ბაზრიდან. მათი შემოსვლა განაპირობებს 3 პირდაპირი ფრენის დამატებას ჩვენს ავიაციის სექტორში, ესენია - ლონდონი, მილანი და ჟენევა. ასევე, გასულ წელს, ჩვენ დავასრულეთ მოლაპარაკება შვეიცარიულ დაბალბიუჯეტურ ავიაკომპანია Edelweiss Air-ი, რომელიც თბილისი-ციურიხის მიმართულებით დაიწყებს პირდაპირ ფრენებს“, - განმარტა ქვრივიშვილმა.
მისივე განმარტებით, მიმდინარე წელს საქართველოს ემატება ორი ისეთი მნიშვნელოვანი, მსყიდველუნარიანობით გამორჩეული მიმართულება, როგორებიცაა დიდი ბრიტანეთი და შვეიცარია.
როგორც ქვრივიშვილი აცხადებს, დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის ფრენები კვირაში 6 სიხშირით შესრულდება.