logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"დაბალინფლაციური გარემოს შენარჩუნება სწორი და თანმიმდევრული მონეტარული პოლიტიკის შედეგია" - თამთა სოფრომაძე

დაბალინფლაციური გარემოს შენარჩუნება არის სწორი და თანმიმდევრული მონეტარული პოლიტიკის შედეგი, რაც გამოიხატა იმაში, რომ გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინები სტაბილურია, - ამის შესახებ სებ-ის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა თამთა სოფრომაძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მისივე შეფასებით, აღნიშნულის ყველაზე კარგი ინდიკატორი ადგილობრივად წარმოებული საქონლისა და მომსახურების ინფლაციაა, რომელიც წლის განმავლობაში სამიზნე 3%-იან მაჩვენებელზე დაბალი იყო, ხოლო იანვარში 2.3%-ს შეადგენდა.

"ინფლაცია საქართველოში სტაბილურად დაბალ დონეზე ფიქსირდება. გამომდინარე იქიდან, რომ მცირე ზომის, ღია ეკონომიკა ვართ საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობისა და სურსათის ფასი, რაც ყალიბდება, იმპორტის სახით ვყიდულობთ და შესაბამისად, ჩვენც გადმოგვეცემა. ამასთან დაკავშირებით დიდი გაურკვევლობა იყო 2024 წელს და ანალოგიური ტენდენცია გლობალურად მიმდინარე გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან და მსოფლიოში მიმდინარე მდგომარეობიდან გამომდინარე ისევ გრძელდება. ჩვენ ხშირად აღვნიშნავთ, რომ ერთ-ერთი მთავარი რისკის წყარო, რამაც შეიძლება ჩვენს ინფლაციაზე ზეწოლა გამოიწვიოს სწორედ ეს საგარეო ფაქტორებია.

დღეს ნავთობის ფასის მიმართულებით წლიურ დონეზე შემცირებული ფასები გამოდის და სწორედ ეს განაპირობებს იმპორტირებული პროდუქციის დეფლაციას. რაც შეეხება სურსათის ფასებს - გარკვეული სურსათის გაძვირება საერთაშორისო ბაზრებზე უკვე აისახა ამ ინფლაციაში და მცირედით ზომიერი ზრდა განაპირობა.

საბოლოო ჯამში ინფლაცია სამიზნე 3%-იან მაჩვენებელთან შედარებით დაბალი ნარჩუნდება. ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებდით საგარეო ფაქტორებს, მათ გავლენას ჩვენს გადაწყვეტილებებში და ვმართავდით რისკებს", - აცხადებს თამთა სოფრომაძე.

გამოგვყევით