პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს - ვახტანგ ბურკიაშვილს, ლევან ძნელაძეს, ნინო ჯელაძესა და ოთარ შამუგიას საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე მხარი დაუჭირა.
მანამდე საბჭოს წევრობაზე დასახელებულ კანდიდატებს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე მოუსმინეს, სადაც მათ საკუთარი გამოცდილებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს, ასევე უპასუხეს დეპუტატების შეკითხვებს.
სებ-ის საბჭოს ოთხივე ახალ წევრს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვთ საჯარო და კერძო სექტორში, მათ შორის საფინანსო და საბანკო მიმართულებით. საბჭოს სამი წევრი ამ დრომდე სებ-ში რამდენიმე წლის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებებს ხელმძღვანელობდა, ოთარ შამუგია კი სებ-ის საბჭოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში მრავალწლიანი საქმიანობის შემდეგ შემოუერთდა.
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი შვიდი წლის ვადით ირჩევს. ამჟამად სებ-ის საბჭო 9 წევრისგან შედგება.