logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ჩვენი მიზანია, პროდუქციის 90% ექსპორტზე გავიტანოთ - AlterSocks

ჩვენი მიზანია ნაკლებად ვიყოთ საქართველოს არასტაბილურ ბაზარზე დამოკიდებული და პროდუქცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გავიტანოთ, - ამის შესახებ წინდების მწარმოებელი ქართული კომპანია AlterSocks-ის თანადამფუძნებელმა, რეზი ბესელაშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ექსპორტზე კომპანიას პროდუქციის 30% გააქვს, თუმცა მათი სამიზნე მაჩვენებელი 90%-ია. 

"ჩვენი კომპანია ექსპორტის მიმართულებით გაიზარდა. ამ ეტაპზე 10-ზე მეტ ქვეყანაში იგზავნება ჩვენი წინდები. ძირითადად, გაყიდვები გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის მიმართულებით გაიზარდა. გარდა ამისა, კორპორატიული შეკვეთები გვქონდა შვეიცარიიდან. 2024 წელს თითქმის ყველა ბაზარზე უფრო მეტი წინდა გავგზავნეთ ვიდრე 2023 წელს. ასევე, იტალიაში ჩვენი პატარა ბრენდული მაღაზია გაიხსნა.

აქტიურად ვმუშაობთ აღნიშნული მიმართულებით, რომ რაც შეიძლება მეტი პარტნიორი ვიპოვოთ, თუმცა ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს არც ერთ ქვეყანასთან არ ვაწარმოებთ", - აცხადებს რეზი ბესელაშვილი.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს - როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი აღნიშნავს B2B მიმართულებით AlterSocks-ის გაყიდვები გაიზარდა, თუმცა საცალო მიმართულებით დაახლოებით, 35%-ით შემცირდა.

"B2B მიმართულება გაიზარდა იმის ხარჯზე, რომ ახალი ობიექტები გვაქვს. მაგალითად, ჩვენი სტენდები სამივე აეროპორტის DUTY FREE-ს ზონაშია განთავსებული და ასევე, სხვადასხვა სუპერმარკეტის ქსელშიც შევედით.  რაც შეეხება ჩვენს საცალო ქსელს - აქ გაყიდვების შემცირება ფიქსირდება, რაც ალბათ, ქვეყანაში განვითარებული მოვლენებით აიხსნება. ამ წელს აღნიშნული მიმართულებით კიდევ უფრო მეტ კლებას ველოდებით", - აცხადებს რეზი ბესელაშვილი.

ცნობისთვის, წინდების მწარმოებელი ქართული კომპანია ბაზარზე 2016 წელს გამოჩნდა. მას შემდეგ AlterSocks-ს 200-მდე დიზაინის წინდა აქვს დამზადებული. ბრენდს თბილისში 3 სტენდი, ხოლო ბათუმში 1 "ბრენდ შოპი" აქვს განთავსებული. მიწოდებას კი მთელი საქართველოს მასშტაბით უზრუნველყოფს.

რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, კომპანია ექსპორტს ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის იტალიაში, საფრანგეთსა და გერმანიაში ახორციელებს. 

გამოგვყევით