სურსათის ეროვნული სააგენტო „ბაკურიანი ციდას“ წყლის ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგებს აქვეყნებს.
უწყების ცნობით, ლაბორატორიული კვლევის შედეგად „ბაკურიანი ციდას“ წყლის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა.
"სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა, ბავშვის წყლით- „ბაკურიანი ციდა“ სავარაუდო ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 4 თებერვალს, ჩატარებული მოკვლევის შედეგად დადგენილი პარტიიდან აიღო წყლის სინჯები, რომლებიც აკრედიტებულ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გაიგზავნა.
ლაბორატორიული გამოკვლევა ჩატარდა შემდეგ მაჩვენებლებზე: ფერიანობა, სუნი, გემო, სიმღვრივე,PH (წყალბადის მაჩვენებელი), სიხისტე, ქლორიდები, საერთო მინერალიზაცია, ტყვია, კადმიუმი, რკინა, სპილენძი, თუთია, პერმანგანატული ჟანგვადობა. კვლევის შედეგად, შეუსაბამობა არცერთ მაჩვენებელში აღინიშნა,"-ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბაკურიანი ციდას“ ბოთლიდან დალეული სითხით მოხდა მცირეწლოვანი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია. მოგვიანებით განცხადება გაავრცელა კომპანია "IDS ბორჯომი საქართველომ" და აღნიშნა,რომ კომპანიის მხრიდან მყისიერი რეაგირების შედეგად, გადამოწმდა კონკრეტულ მაღაზიაში (სადაც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით მოხდა პროდუქტის შეძენა) ნიმუშები და დარღვევა არ გამოვლენილა.