logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

ირაკლი ქარქაშაძე: 2024 წელი საქართველოს აეროპორტებისთვის მგზავრთნაკადის კუთხით რეკორდული წელი იყო

ირაკლი ქარქაშაძე: 2024 წელი საქართველოს აეროპორტებისთვის მგზავრთნაკადის კუთხით რეკორდული წელი იყო

1738750909

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი, ირაკლი ქარქაშაძე ესპანეთში მიმდინარე საავიაციო ფორუმ Connect 2025-ის ძირითად პანელზე სიტყვით გამოვიდა. ,,აღმოსავლეთ ევროპის ავიაბაზარი: ტენდენციებისა და შესაძლებლობების განვითარება’’- იყო მთავარი სასაუბრო თემა, სადაც ირაკლი ქარქაშაძემ საქართველოს ავიაბაზრის მაგალითზე, ლატვიის, ხორვატიის, პოლონეთისა და ალბანეთის აეროპორტებისა და ავიაკომპანიის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ისაუბრა.

პანელის მონაწილეებმა ისაუბრეს, რა გავლენა აქვთ ტურიზმის სწრაფ განვითარებასა და ზრდაში ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე დაბალბიუჯეტური და ფლაგმანური ავიაკომპანიების გამოჩენას.

,,გასული ათწლეულების განმავლობაში, დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანიებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საჰაერო გზით გადაადგილებასა და აღმოსავლეთ ევროპის დასავლეთ ევროპისასთან დაკავშირების კუთხით. დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიების განვითარებამ საჰაერო გზით მოგზაურობა უფრო ხელმისაწვდომი გახადა. გაიზარდა საქმიანი და შემომყვანი ტურისტების რიცხვი, აეროპორტების ინფრასტრუქტურის განვითარებაში მსხვილი ინვესტიციები ჩაიდო. გაიზარდა მოგზაურთა და მაღალმხარჯველი ტურისტების რაოდენობა,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, პანელზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს აეროპორტებში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ და მასშტაბურ სიახლეებზე ისაუბრა. ირაკლი ქარქაშაძემ თბილისის ახალი აეროპორტის მშენებლობის მნიშვნელობის აუცილებლობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის რელოკაცია საშუალებას იძლევა უფრო გრძელვადიან ჭრილში, შეზღუდვის გარეშე მოხდეს ქვეყნის მთავარი აეროპორტის განვითარება.

,,ბოლო ათწლეულში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა რაოდენობა 2 მილიონიდან 7, 4 მილიონამდე გაიზარდა. ფაქტობრივად, საქართველო არის მაგალითი იმ ტენდენციისა, თუ როგორ სწრაფად და თანმიმდევრულად ვითარდება ავიაცია და ტურიზმი. 2024 წელი საქართველოს აეროპორტებისთვის რეკორდული წელი იყო. მხოლოდ გასულ წელს მგზავრთნაკადი 24 %-ით არის გაზრდილი.

ეს მოთხოვნა აჩენს ახალ შესაძლებლობებს, რაც პირდაპირ ასახულია ჩვენს ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოსვლით, ახალი მიმართულებებითა და არსებულ მიმართულებებზე გაზრდილი სიხშირეებით. ჩვენ წინ გვაქვს საკმაოდ ამბიციური პროექტების განხორციელება, როგორიცაა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი - თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა. ეს ყოველივე კი საქართველოს, როგორც რეგიონში წამყვანი სტრატეგიული საავიაციო ჰაბის პოზიციონირებას კიდევ უფრო გაამყარებს.  -‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

ესპანეთის ქალაქ ჟირონაში  ყოველწლიური საერთაშორისო  საავიაციო ფორუმი CONNECT 2025 დღეს სრულდება. სამი დღის განმავლობაში ფორუმის ფარგლებში აეროპორტების გაერთიანების წარმომადგენლები B2B  შეხვედრებს მართავენ, როგორც საქართველოს საავიაციო ბაზარზე არსებულ ავიაკომპანიებთან, ისე პოტენციურ პარტრნიორ ავიაკომპანიებთან და აეროპორტებთან.

.

გამოგვყევით