"ჰერბიას" ტურისტული კომპლექსი "კერა" ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან უფასო ტრანსფერის დამატებას გეგმავს, რაც კომპანიის დირექტორისა და თანადამფუძნებლის რევაზ ჯანელიძის შეფასებით, ვიზიტორთა რაოდენობას გაზრდის.
როგორც მან, "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნა, ამჟამად, ტურისტული კომპლექსის დამსვენებლები ძირითადად ადგილობრივები არიან, თუმცა უფასო ტრანსფერების დანიშვნის შემდეგ ტენდენცია შეიცვლება.
გარდა ამისა,ტურისტული კომპლექსი სასწავლო აგრო ტურების დამატებას გეგმავს, რომელიც რამდენიმე ასაკობრივ კატეგორიაზე იქნება მორგებული.
"ტურისტული კომპლექსი წინა წელს გაიხსნა და ჩვენ რამდენიმე მიმართულებით ვმუშაობთ. გვაქვს რესტორანი, სასტუმრო და სხვ. 2025 წელს საკმაოდ დატვირთულ გარემოში გვიწევდა მუშაობდა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვქონდა საშემოდგომო და საახალწლო აქტივობები, რომლებიც ხასიათიდან გამომდინარე უფრო მეტად სოციალური ხასიათის პროექტები იყო. გვქონდა 25-ლარიანი პაკეტი, რომელიც მოიცავდა აგრო-ტურს "ჰერბიას" სასათბურე მეურნეობაში, ასევე, ბავშვები თავისი ხელით რგავდნენ ჩითილებს და ა.შ. დაახლოებით 10 000 ბავშვი მივიღეთ ამ აქტივობების ფარგლებში.
აქედან გამომდინარე, 2025 წელი ძალიან იმედიან ჩავხურეთ. საახალწლო აქტივობები დავასრულეთ და ვიწყებთ ახალ პროექტს, რომელიც იქნება საგანმანათლებლო და შემეცნებითი. ჩვენი ობიექტი არ იქნება მხოლოდ დასვენებისა და კვების ადგილი, ეს იქნება საგანმანათლებლო სივრცე და ამ ყველაფერს აკადემიის სახე მივცეთ. აქ კონკრეტული ცოდნის მიღებას შეძლებენ სამი ასაკობრივი კატეგორიის პირები - 6-დან 12-წლამდე, 12-დან -18-წლამდე და 18-დან ზემოთ. ეს იქნება გაწერილი სასწავლო ტურები, რომელიც სერტიფიცირებული იქნება. აღნიშნული თებერვლიდან დაიწყება და დაინტერესება ძალიან დიდია", - აცხადებს რევაზ ჯანელიძე.
ცნობისთვის, აგროტურისტული სივრცე წყალტუბოში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარეობს. "ჰერბიამ" აგროტურისტულ საქმიანობის დაწყების შესახებ ჯერ კიდევ 2021 წელს განაცხადა, ხოლო ტურისტულ ობიექტზე მუშაობა მანამდე, 2 წლით ადრე დაიწყო. სასტუმრო 12 ნომრიანია და ჯამში 30-მდე ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 2 მილიონი ლარია და აქედან, სასტუმროს ნაწილი "აწარმოე საქართველოში"-ის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა.