logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"სარეაბილიტაციო ცენტრების მიმართ მოთხოვნების გაჩენა ბუნებრივია და საჭიროც" - ირმა დაუშვილი

"დღეს ქვეყანაში სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნა ნებისმიერ მსურველს, ნებისმიერ სივრცეში შეუძლია, რაც ბაზარზე სერვისის მიწოდების ხარისხს აუარესებს,"- ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორს" კურორტ „ნუნისის“ მმართველმა პარტნიორმა ირმა დაუშვილმა განუცხადა, რომელმაც სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი ცენტრების მიმართ დაწესებული რეგულაციის დაწესება შეაფასა.

როგორც ცნობილია, სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი მომსახურების მიმწოდებელი ყველა დაწესებულება ვალდებულია, 2025 წლის 1 იანვრამდე თავისი საქმიანობა ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობაში მოიყვანოს და შეტყობინება საქმიანობის დაწყების თაობაზე წარადგინოს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში.

„სარეაბილიტაციო მიმდინარეობაში მოთხოვნების გაჩენა ბუნებრივია და საჭიროც იყო იმიტომ, რომ რეაბილიტაცია ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მკურნალობაა. აქ თუ სწორად მკურნალობა არ დაინიშნა, შეიძლება პაციენტი სავალალო შედეგამდეც მივიდეს. ამიტომ ის, რომ აქ გაჩნდა მოთხოვნები, სწორია, რამდენადაც იცით თქვენ, რომ საქართველოში ასე ხდება, შეიძლება სარეაბილიტაციო ცენტრები გაიხსნას ნებისმიერ სადარბაზოში და ყველამ დააწეროს "სარეაბილიტაციო ცენტრი". ამიტომ, ძალიან კარგად უნდა იცოდეს მომხმარებელმა, სად მიდის. ზუსტად მოთხოვნა არის, რომ ჯერ უნდა უსწრებდეს სარეაბილიტაციო მკურნალობის დანიშვნას ექიმის რეკომენდაციები და თან, არა ერთი ექიმის. იქ უნდა იყოს ჩართული ნევროლოგი, რეაბილიტოლოგი, კურორტოლოგი  და სხვა“, - აღნიშნავს ირმა დაუშვილი. 

მისივე განმარტებით,  ჯერ კიდევ მცირეა იმ უცხოელი დამსვენებლების რიცხვი, რომლებიც საქართველოში სამკურნალოდ ჩამოდიან.

მიმდინარე წლის ზაფხულში განსაკუთრებით არის შემცირებული დამსვენებლების რიცხვი რუსეთიდან, უკრაინიდან და ისრაელიდან, რაც რუსეთ-უკრაინის ომს და ასევე, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომს უკავშირდება. თუმცა, გააქტიურებულია აზიური ბაზრები - განსაკუთრებით კი დიდია ინტერესი გალფის ქვეყნებიდან. გარდა ამისა, გაზრდილია ადგილობრივი დამსვენებლების რიცხვიც, რომლებიც ბალნეოლოგიურ კურორტებს სამკურნალოდ სტუმრობენ.

ირმა დაუშვილი ამბობს, რომ საქართველოში ყველა იმ დაავადების მკურნალობაა შესაძლებელი, რომლებიც მთელ მსოფლიოში უამრავ ადამიანს აწუხებს, შესაბამისად, ადგილობრივების ინტერესი ამ კუთხით გაზრდილია. თუმცა, დღე სექტორში კვლავ რჩება გარკვეული გამოწვევები, კერძოდ -  გაუმართავი ინფრასტრუქტურა, ცნობადობის სიმცირე და კვალიფიციური კადრების დეფიციტი.

შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი ცენტრები რეგულაციების ქვეშ მოექცევიან.

როგორც მთავრობის დადგენილებაში წერია, „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის” ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილება ყველა ასეთი ტიპის დაწესებულებას ავალდებულებს, 2025 წლის 1 იანვრამდე, თავისი საქმიანობა ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობაში მოიყვანოს. მაგალითისთვის, დადგენილებით განისაზღვრა, რომ დაწესებულებას უნდა ჰქონდეს რენტგენოლოგიური სერვისი, ულტრაბგერითი გამოკვლევა და ლაბორატორიული მომსახურება, რაც შესაძლებელია, განხორციელდეს ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე. ამასთან, პროცედურებთან დაკავშირებული სარეაბილიტაციო სერვისების არსებობის შემთხვევაში, სულ მცირე 1 და არანაკლებ 12 კვადრატული მეტრი სივრცის ქონაა სავალდებულო.

აქვე აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში სამედიცინო ტურიზმზე მოთხოვნა განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში გაიზარდა, მათ შორის საქართველოშიც.

გამოგვყევით