logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

ზაზა ჭითანავა: ტურისტული საფეხმავლო ბილიკების განვითარება, ტურისტული ნაკადების გაზრდის შესანიშნავი შესაძლებლობაა

"ტურისტული საფეხმავლო ბილიკების განვითარება, ქვეყანაში ტურისტული ნაკადების გაზრდის შესანიშნავი შესაძლებლობაა", - ამის შესახებ საქართველოს გიდების ასოციაციის საბჭოს წევრმა, გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის სერტიფიცირებულმა ტრენერმა ზაზა ჭითანავამ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, შიდა ტურისტული ნაკადების ზრდას რეგიონებში, შესაძლებელია, მეტი დრო დასჭირდეს. 

"საქართველოში ტურისტული საფეხმავლო ბილიკების განვითარება მნიშვნელოვანია. ჩვენ გვაქვს პრაქტიკა ქვეყანაში ტურისტული ბილიკების ქსელის მშენებლობისა. ამ მხრივ გამორჩეული და აღსანიშნავია დაცული ტერიტორიები, თუმცა ამას გარდა ჩვენ გვაქვს სატყეო სივრცე და ამ მხრივ პოტენციალი არის უზარმაზარი. რეგლამენტის ამოქმედება ჩვენ დაგვეხმარება საფეხმავლო ტურისტული ბილიკები ქვეყანაში ქაოსურად და სხვადასხვა სტანდარტებით კი არ განვითარდეს, არამედ ერთი ფორმულის, ერთი სტანდარტიზაციის შესაბამისი იყოს.

ეს აუცილებლად გაზრდის ტურისტულ ნაკადებს და უცხოეთიდან საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობას, თუმცა შიდა ტურისტული ნაკადების ზრდას რეგიონებში, ტურისტული საფეხმავლო ბილიკების სარგებლობის კუთხით შეიძლება მეტი დრო დასჭირდეს. დიახ, დღეს ჩვენს საზოგადოებაში არიან ადამიანები, რომლებსაც გააჩნიათ ეს კულტურა, მაგრამ ზოგადად ტურისტული საფეხმავლო ბილიკებით სარგებლობის კულტურა ქვეყანაში კიდევ უფრო განსავითარებელია. ამისთვის პირველ რიგში ცნობიერების ამაღლებაა საჭირო. ტურისტული საფეხმავლო ბილიკი არ არის მხოლოდ ტურისტული პროდუქტი. ეს ადამიანისთვის, საბუნებისმეტყველო შემეცნებისთვისაც ასევე, მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ზაზა ჭითანავამ.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, დამტკიცდა ტექნიკური რეგლამენტი "საფეხმავლო ბილიკების მონიშვნისა და გეგმარების შესახებ“. დოკუმენტი ადგენს მოთხოვნებსა და ნორმებს საფეხმავლო ბილიკების გეგმარებისა და მონიშვნის მიმართ და არის სავალდებულოდ შესასრულებელი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და საწარმოებისათვის.

გამოგვყევით