logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

ქვეყანაში საფეხმავლო ბილიკების განვითარება იწყება

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, დამტკიცდა ტექნიკური რეგლამენტი "საფეხმავლო ბილიკების მონიშვნისა და გეგმარების შესახებ“.

დოკუმენტი ადგენს მოთხოვნებსა და ნორმებს საფეხმავლო ბილიკების გეგმარებისა და მონიშვნის მიმართ და არის სავალდებულოდ შესასრულებელი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და საწარმოებისათვის.

დოკუმენტის მიზანია საფეხმავლო მარშრუტების განვითარება, მათი მონიშვნის ძირითადი პრინციპების განსაზღვრა, ადამიანთა უსაფრთხოებისა და ბუნებრივი გარემოს დაცვის წინაპირობის შექმნა.

რეგლამენტის მიხედვით, დამპროექტებელმა მოსანიშნი მარშრუტი უნდა შეარჩიოს ისე, რომ გაითვალისწინოს მისი კულტურული, ბუნებრივი და ტურისტული პოტენციალი. მარშრუტის დაგეგმვისას, მიზანია შეირჩეს ისეთი მარშრუტი, რომელიც იქნება მაქსიმალურად მიმზიდველი და უსაფრთხო.

საფეხმავლო მარშრუტი სასურველია უკავშირდებოდეს ტურისტული მარშრუტების არსებულ ქსელს ან გააჩნდეს საფეხმავლო მარშრუტების ერთიან ქსელში ჩართვის პოტენციალი.

მარშრუტი სასურველია იწყებოდეს და სრულდებოდეს დასახლებულ პუნქტში ან მის სიახლოვეს.

სასურველია, რომ საფეხმავლო მარშრუტი დაიგეგმოს იმგვარად, რომ შეძლებისდაგვარად სცდებოდეს სამანქანო გზებს და მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი წარმოადგენენ დანიშნულების ადგილებს. დანიშნულების ადგილებია მაგალითად დასახლებული პუნქტი, ტბა, ციხე-სიმაგრე, საბანაკე ადგილი, გადასახედი  და სხვა.


რეკომენდებულია, რომ მოგზაურობის ერთი დღისთვის განკუთვნილი მანძილის დასაფარად საჭირო დრო არ აღემატებოდეს 7 საათს.  საფეხმავლო მარშრუტი სირთულის მიხედვით იყოფა სამ კატეგორიად: მარტივი, საშუალო და რთული.

მარტივი კატეგორიის მარშრუტი არ მოითხოვს განსაკუთრებულ ფიზიკურ მომზადებას, სალაშქრო აღჭურვილობასა და უნარ-ჩვევებს. მარტივი სირთულის ბილიკის გავლა შესაძლებელია ჩვეულებრივი სპორტული ფეხსაცმლით.

საშუალო კატეგორიის მარშრუტის ბილიკი ძირითადად ხასიათდება საშუალო ან მკვეთრი დახრის ფერდებით. შესაძლოა გვხვდებოდეს გაუკვალავი მონაკვეთები, ბილიკიდან გადავარდნის საფრთხის მქონე მონაკვეთები და ადგილები, სადაც საჭიროა ხელების გამოყენება ბალანსის შენარჩუნებისათვის. წყლის გადაკვეთისას შესაძლოა საჭირო გახდეს წყალში ფეხით გავლა. განსაკუთრებით მაღალი საფრთხის მქონე მონაკვეთებს გააჩნიათ შესაბამისი დამცავი საშუალებები (მოაჯირი, თოკი, ჯაჭვი და ა.შ.).

ბილიკები ძირითადად განკუთვნილია კარგ ფიზიკურ ფორმაში მყოფი მოგზაურებისათვის. რთული კატეგორიის მარშრუტის ბილიკი ხასიათდება რთულად გასავლელი რელიეფით და ციცაბო დახრის ფერდებით. ბილიკზე შესაძლოა გვხვდებოდეს გაუკვალავი, ვიწრო და საფრთხილო გადასასვლელები, გადავარდნის საფრთხის მქონე მონაკვეთები. შესაძლოა გვხვდებოდეს თოვლი ან ყინულიანი მონაკვეთები, რომელთა გავლაც არ მოითხოვს სპეციალურ აღჭურვილობას. ასევე  შესაძლოა გვხვდებოდეს ისეთი მონაკვეთები, რომელთა გასავლელადაც რეკომენდებულია თოკის გამოყენება ბალანსის შესანარჩუნებლად (მაგ.: მდინარის კვეთა, ნაშალი, ციცაბო მონაკვეთი).

ბილიკები განკუთვნილია ძალიან კარგ ფიზიკურ ფორმაში მყოფი მოგზაურებისათვის. რთული ბილიკის მოსანიშნად განკუთვნილი მიმართულების მაჩვენებელი დაფის წვეტი არის ლურჯი ფერის, ხოლო ნიშნულები თეთრი-ლურჯი-თეთრი ფერებით გამოისახება. მარტივი კატეგორიის მარშრუტი  ინიშნება  ყვითელი ფერით. საშუალო კატეგორიის მარშრუტი ინიშნება წითელი ფერით.

ნიშნულების განთავსება ხდება მარშრუტის გასწვრივ, ყოველ 250 - 300 მეტრში, თუმცა ეს მანძილი უნდა შემცირდეს მონიშვნის საჭიროებიდან და მარშრუტის სპეციფიკიდან გამომდინარე.

თუ ტერიტორიისთვის დამახასიათებელია ხშირი ნისლი, მაშინ სასურველია რომ ასეთი მონაკვეთები მოინიშნოს უფრო ინტენსიურად.

რაც შეეხება საფეხმავლო ბილიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს - საინფორმაციო დაფას, რეგლამენტის მიხედვით, მისი ფუნქციაა, აღწეროს კონკრეტული მარშრუტი ან მარშრუტების ქსელი, მიაწოდოს მოგზაურს საკმარისი ინფორმაცია მარშრუტების შესახებ, გაუადვილოს ორიენტირება და მოგზაურობის პროცესი.

მარშრუტის საინფორმაციო დაფაზე განთავსებულია ინფორმაცია ქართულ და ინგლისურ ენაზე. ასეთი დაფა სავალდებულოა განთავსდეს მარშრუტის საწყის და საბოლოო დანიშნულების ადგილებში.

აღნიშნული რეგლამენტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია შიდა ტურიზმის აქტიური მიმართულების განვითარებისთვის, რაც, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციასთანა და ფიზიკური აქტივობის ზრდასთან პირდაპირ კავშირშია.

jandacva.ge

გამოგვყევით