საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის, ლევან ბერიძის შეფასებით, არქიტექტურული პროექტების შესყიდვა კონკურსების კონცეფციაა, რომელიც პროექტს ყველა მიმართულებით წინ წაწევს - ხარისხის, პროფესიონალიზმისა და შემოქმედების თვალსაზრისით, შედეგად კი სრულიად განსხვავებულ სურათს მივიღებთ.
როგორც არქიტექტორის დოქტორი "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, სახელმწიფოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, არქიტექტურული პროექტების შესყიდვა ტენდერების ნაცვლად, კონკურსების გზით წარიმართება, დადებითი ხაზის მატარებელია, რის შედეგადაც ბაზარზე ჯანსაღი გარემო შეიქმნება.
"უკვე გადაწყდა ტენდერებიდან კონკურსებზე გადასვლა, მაგრამ საჭიროა შეფასების კრიტერიუმების სწორად ჩამოყალიბება. ზოგადად, ტენდერის კონცეფცია ნიშნავს, რომ პროექტს ვინც უფრო დაბალ ფასად გააკეთებს გამარჯვებულიც ის იქნება, ამიტომ შესაძლებელია ნაკლები ხარისხის პროექტის მიღება. რაც შეეხება არქიტექტურული პროექტების შესყიდვას კონკურსების გზით, ეს იძლევა საშუალებას, კრიტერიუმების ერთობლივი შეფასების შედეგად მაღალი ხარისხის პროექტის მიღების. კონკურსები აუცილებელია, რადგან როგორც პროექტის ხარისხი, ასევე არქიტექტორების დაინტერესებაც გაიზრდება", - აღნიშნავს პროფესორი.
საქართველოს არქიტექტორთა კავშირის წევრი უშუალოდ ტენდერების ხარვეზების შესახებაც დეტალურად საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული მიმართულებით, ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა, თუმცა დაბალხარისხიანი შენობები მივიღეთ.
"ტენდერებში ფაქტობრივად არქიტექტორები მონაწილეობას აღარ იღებდნენ. უნდა ვნახოთ, კონკურსებზე გადასვლის ინიციატივის დროს როგორი კრიტერიუმები ჩამოყალიბდება. ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ განაცხადა, რომ ამოცანაა ამ მიმართულებით, რაც შეიძლება მეტი არქიტექტორი ჩაერთოს, დავაინტერესოთ. მინისტრის ინიციატივას ძალიან დადებითად ვაფასებ. ზოგადად, ტენდერი შეჯიბრობითობის პრინციპს ზღუდავს და გამორიცხავს კიდეც", - აცხადებს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი.
ლევან ბერიძე ადგილობრივ ბაზარზე კადრების დეფიციტურ საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ ქვეყანაში არქიტექტორები არიან, მაგრამ პრაქტიკული გამოცდილება არ აქვთ.
"კადრების დეფიციტს, რაც შეეხება თავად პროფესორი გახლავართ და ვიცი, დიდი მნიშვნელობა აქვს უნივერსიტეტებში სასწავლო პროგრამები როგორაა შედგენილი. მარტო განათლება გამოცდილებას ვერ იძლევა. სტუდენტი, როდესაც სასწავლო დაწესებულებას ამთავრებს, შემდეგ პრაქტიკული გამოცდილებაც უნდა მიიღოს. ადრე ახალგაზრდა, როდესაც სწავლას ამთავრებდა, საპროექტო ინსტიტუტებში კვალიფიცირდებოდა. ამჟამად, ქვეყანაში საპროექტო ინსტიტუტები არ გვაქვს. პრობლემური საკითხია, გვყავს არქიტექტორები, მაგრამ პრაქტიკული გამოცდილება არ აქვთ", - აღნიშნავს ლევან ბერიძე.
ცნობისთვის, ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ შეხვედრა საქართველოს არქიტექტორთა კავშირის წევრებთან შეხვედრა გაიმართა.
დისკუსიის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს, როგორც მიმდინარე, ისე სამომავლო ინფრასტრუქტურულ პროექტებში არქიტექტორების აქტიურ მონაწილეობაზე და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო პროექტებში არქიტექტორთა უფრო ფართო ჩართულობის მნიშვნელობაზე, რაც სახელმწიფო პროექტების მაღალი ხარისხის მიღწევას შეუწყობს ხელს. აღინიშნა, რომ არქიტექტორების მონაწილეობა ბაზრის კვლევებში აუცილებელია, რათა პროექტების ბიუჯეტირება სწორად და სამართლიანად განხორციელდეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს არქიტექტორთა შემოქმედებითი კავშირი წარმოადგენს არქიტექტორთა საზოგადოებრივ გაერთიანებას, რომელიც 700-ზე მეტ წევრს აერთიანებს.