დაზოგვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავის საჯარო სკოლას ეწვია. ეკატერინე მიქაბაძემ მოსწავლეებს ფინანსური განათლების საკითხებზე ღია გაკვეთილი ჩაუტარა და სკოლის ბიბლიოთეკას ახალი საგანმანათლებლო მასალები გადასცა.
წლევანდელი დაზოგვის მსოფლიო დღის აღნიშვნა ლარის 30 წლის იუბილეს ეხმიანება, სწორედ ამიტომ, კამპანიის ფარგლებში დაგეგმილმა პროექტმა „მოიწვიე ფინედუ კლასში“ სტარტი 2 ოქტომბერს, ლარის გადახდის ერთადერთ კანონიერ საშუალებად გამოცხადების დღეს აიღო და 31 ოქტომბერს, დაზოგვის მსოფლიო დღეს დასრულდება.
ოქტომბრის თვის განმავლობაში ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების თანამშრომლები თბილისისა და რეგიონების სკოლებში 250-მდე კლასს ეწვევიან და საინტერესო და შემეცნებით გაკვეთილს 5 000-მდე მოსწავლეს ჩაუტარებენ. მათ შორის, რეგიონების იმ სკოლებშიც, რომლებმაც რამდენიმე თვის წინ ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებულ კიდევ ერთ კონკურსში - „ფინედუს კუთხე სკოლის ბიბლიოთეკაში“ - გაიმარჯვეს და საკუთარი სკოლების სამკითხველო სივრცეების აღსაჭურვად ბეჭდური საგანმანათლებლო მასალები მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ ფლავის საჯარო სკოლა სწორედ ამ კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია. ეროვნული ბანკის თანამშრომლები კონკურსში გამარჯვებულ 20 სკოლასაც ეწვევიან და ბიბლიოთეკებში მოწყობილი ფინედუს კუთხეებისთვის ახლად შექმნილ დამატებით ბეჭდურ რესურსებსაც გადასცემენ.
მსოფლიო დაზოგვის დღის წლევანდელ კამპანიას - „მოიწვიე ფინედუ კლასში“, სებ-ის ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუ“ (www.finedu.gov.ge) პროექტში ჩართულ „საქართველოს ბანკის“, „ბაზისბანკის“, „კრედობანკისა“ და მიკრობანკ „ემბისის“ მხარდაჭერით ახორციელებს.
დაზოგვის მსოფლიო დღე წელს უკვე 101-ედ აღინიშნება. მისი ისტორია 1924 წელს იტალიის ქალაქ მილანში იწყება და დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება. საქართველო დაზოგვის მსოფლიო დღის აღნიშვნას 2012 წლიდან უერთდება და მას მრავალფეროვანი საგანმანათლებლო და საინფორმაციო აქტივობით აღნიშნავს.