“დღეს ქვემო ქართლში ვეცნობით საგანმანათლებლო და საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის მიმდინარე პროექტებს. განსაკუთრებულად აღსანიშნავია წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა დაშბაშში. მომავალ წელსაც აქტიურად გავაგრძელებთ ქვემო ქართლში ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის განვითარებასა და ადგილობრივების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას“-ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ ქვემო ქართლში მიმდინარე პროექტების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.
ინფრასტრუქტურის მინისტრი, რევაზ სოხაძე ქვემო ქართლში, მარნეულის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტებში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის, წყალმომარაგების სისტემების გაუმჯობესებისა და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროექტების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
მარნეულის მუნიციპალიტეტში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სადახლო-წოფი-ახქერფის საავტომობილო გზის 8.6 კილომეტრიან მონაკვეთის რეაბილიტაცია სრულდება. აღნიშნული მონაკვეთი სომხეთის რესპუბლიკის საზღვრამდე მიდის და მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კავშირია რეგიონისთვის.
დასრულდა მარნეულის წრიული გზის რეაბილიტაციაც. 1.2 კმ-იანი საგზაო მონაკვეთი საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა–მარნეული–გუგუთის საავტომობილო გზის ნაწილია და მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძია, რომელიც ქალაქის შიდა ქუჩებს საერთაშორისო საავტომობილო მარშრუტთან აკავშირებს. ამასთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მარნეულში წყალმომარაგების სისტემების მიმდინარე მშენებლობის პროცესში დაზიანებული საავტომობილო გზების სრულ რეაბილიტაციას, წყალმომარაგების სამუშაოების დასრულებისთანავე დაიწყებს.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდას საავტომობილო გზის ორ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. გზის 71-ე კილომეტრზე მიმდინარეობს რკინიგზის გზაგამტარის, ხოლო 74-ე კილომეტრზე, წალკის ხევზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია.
მინისტრმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ღოუბანში, 70 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლის მშენებლობა და სოფელ ორბეთში, 75 აღსაზრდელზე გათვლილი, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობაც მოინახულა. ახალი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შენდება. საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარე წელს, ხოლო ახალი სკოლის მშენებლობა 2027 წელს დასრულდება.
ქალაქ წალკისა და სოფელ დაშბაშის 3200-მდე ბენეფიციარის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურა შენდება. გათვალისწინებულია სათავე ნაგებობების რეაბილიტაცია, სატუმბო სადგურის, რეზერვუარის, წყალმომარაგების ქსელისა და 1200 მდე აღრიცხვის კვანძის მოწყობა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 მილიონ ლარზე მეტით ფინანსდება და ეტაპობრივად, 2025-2026 წლებში დასრულება.