ტყიბულის წყალსაცავზე არსებული, პრივატიზებული კუნძულების განვითარება უახლოეს მომავალში დაიწყება. პროექტის ფარგლებში, მომდევნო 4 წლის განმავლობაში ₾8 მლნ-ის ინვესტიციის განხორციელებაა დაგეგმილი. როგორც ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ჩერქეზიშვილი "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, ობიექტზე თანამედროვე ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა.
ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში ტურისტული ობიექტების რაოდენობა მზარდია.
"მნიშვნელოვანი ტენდენციაა, რომ მცირე საოჯახო სასტუმროები და გესტჰაუსები მომრავლდა, როგორც ქალაქში, ასევე სოფლებში. ამჟამად, მუნიციპალიტეტში მინიმუმ 8–10 სასტუმრო და საოჯახო ტიპის განთავსების ობიექტი ფუნქციონირებს, მათ შორის: "მეთა", "სიხარული", "ანა", "ქორენა", "აგატი", "გელათი" და რამდენიმე გესტჰაუსი საწირესა და გელათში. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა ეტაპობრივად სოფლებშიც ხორციელდება. როგორც უკვე აღვნიშნე საწირეში და გელათში რამდენიმე "გესტჰაუსი" და სასტუმრო მოქმედებს. მნიშვნელოვანი მაგალითია, სოფელ სამტრედიასა და გურნაში დაგეგმილი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება ჩაის ფაბრიკების პროექტებთან ერთად. მუნიციპალიტეტი მიზნად ისახავს, ტურისტული ბიზნესის გავრცელებას არა მხოლოდ ქალაქში, არამედ სოფლებში, რათა ადგილზე დასაქმებას და ეკონომიკურ დივერსიფიკაციას ხელი შეუწყოს.
ამასთან, მუნიციპალიტეტში მინიმუმ 8–10 სასტუმრო და საოჯახო ტიპის ობიექტი მოქმედებს, რომლებიც ქალაქსა და სოფლებშია განთავსებული. როგორც აღვნიშნე ქალაქის ცენტრში არსებული შენობის სრული რეაბილიტაცია და არაბრენდული თანამედროვე სტანდარტების სასტუმროს მოწყობა უკვე გეგმაშია, რომელიც მრავალფუნქციური სავაჭრო და გასართობი ცენტრის ნაწილი იქნება. აღნიშნული პროექტი ტურისტული სერვისების ხარისხზე და მუნიციპალიტეტის სტუმარმასპინძლობის პოტენციალზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს", - აღნიშნავს დავით ჩერქეზიშვილი.
ცნობისთვის,ტყიბულის წყალსაცავში, სოფელ მანიჭორში მდებარე კუნძულები 3 მილიონ ლარად გაიყიდა.
შეგახსენებთ, კუნძულების გასაყიდად 3 აუქციონი 2023 წლის დეკემბერში ტყიბულის მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა და 28 დეკემბერს დასრულდა.