logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

მეღვინეობა "კარდანახი 1888" საზაფხულო ღვინის სკოლის მშენებლობას გეგმავს

კახეთში, სოფელ კარდანახში არსებული მეღვინეობა "კარდანახი 1888" იმავე ტერიტორიაზე საზაფხულო ღვინის სკოლის მშენებლობას გეგმავს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი, მამუკა მახოშვილი "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, პროექტი ამჟამად, იდეის დონეზეა, თუმცა სამომავლოდ ობიექტის ფუნქციონირება უფრო Summer work school-ის სახით წარმოუდგენია, სადაც დაინტერესებული პირები ქართული ღვინისა და კერძების შესახებ სრულფასოვან ინფორმაციას მიიღებენ. 

მამუკა მახოშვილის თქმით, ადგილობრივ ბაზარზე, განსაკუთრებით თბილისში ღვინის სკოლები ფუნქციონირებს, თუმცა აღნიშნული ობიექტი განსხვავებული სპეციფიკის იქნება.

"სამომავლოდ,  საზაფხულო ღვინის სკოლის გაკეთება გვინდა, სადაც სფეროს სპეციალისტებს, მეღვინეებს, სომელიეებს მოვიწვევთ და დაინტერესებულ პირებს ქართული ღვინისა და კერძების შესახებ ვესაუბრებით.  როგორც გითხარით, ამ ეტაპზე მხოლოდ იდეის დონეზე ვართ და გუნდთან ერთად პროექტზე აქტიურად ვმუშაობთ. ამავდროულად ვცდილობთ, რომ თანამოაზრეები შემოვიკრიბოთ. მინდა გითხრათ, პროექტს, როგორც აკადემიურ სასწავლებელს არ მოვიაზრებთ - უფრო Summer work school-ის სახით წარმოგვიდგენია. ანალოგიური პროექტი ადგილობრივ ბაზარზე არ მინახავს, რა თქმა უნდა, თბილისში ღვინის სკოლები გვაქვს, მაგრამ ჩვენ განსხვავებული ნიშა გვექნება - პროექტის განხორციელების შემდეგ სასწავლო ობიექტი საწარმოსთან ახლოს იქნება, ღვინის ტურიზმსაც ჩავრთავთ, სასტუმროც გვაქვს, მოგეხსენებათ ადგილზე რესტორანიც ფუნქციონირებს, მაგალითად, სომელიეებს ჩავრთავთ და  ვეცდებით, დაინტერესებული პირებს მრავალი კუთხით, კერძოდ, ქართული კერძებისა და ღვინის შესახებ ცნობიერება ავუმაღლოთ. 

სამწუხაროდ, ამ ეტაპზე საზაფხულო ღვინის სკოლა რამდენ სტუდენტზე იქნება გათვლილი, ჯერჯერობით, არ ვიცით. ამასთან, უშუალოდ პროექტის საინვესტიციო ღირებულება შემოდგომაზე გვეცოდინება. მოკლედ, სპეციფიკური დეტალების დაკონკრეტება მიჭირს", - აღნიშნავს "კარდანახი 1888"-ის დამფუძნებელი.

ამასთან, ღვინის კომპანიის დამფუძნებელი "ბიზნესპარტნიორთან" უშუალოდ მეღვინეობა "კარდანახი 1888"-ის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მომხმარებლების დაინტერესება ძირითადად ქვევრის ღვინოზე მოდის.

"პირველ რიგში, "კარდანახი 1888" ღვინოს ადგილობრივი წარმოშობის იშვიათი ჯიშებით აწარმოებს. ვენახები  17 ჰექტარზეა გაშენებული. კერძოდ, 12 სხვადასხვა ჯიშის ვაზი გვაქვს, როგორც ენდემური, ასევე ევროპული. კომპანია ამ ეტაპზე, 25 დასახელების სხვადასხვა ალკოჰოლურ სასმელს აწარმოებს. წარმოება ხდება ტრადიციული მეთოდით ქვევრში, ასევე კლასიკური ევროპული მეთოდით. რაც შეეხება წარმადობას წელიწადში 100 000 ბოთლს შეადგენს.

ღვინის გაყიდვების მიმართულებით, შემიძლია გითხრათ, რომ წარმოდგენილი საქართველოს სრული მასშტაბით ვართ... ექსპორტის მიმართულებით კი იტალიასა და გერმანიაში გავდივართ. მინდა გითხრათ, რომ ახლა ექსპორტის გაზრდაზე აქტიურად ვმუშაობთ -  სხვადასხვა ქვეყნებთან მოლაპარაკების რეჟიმში ვართ, თუმცა ზუსტად ქვეყნების ჩამონათვალზე თავს შევიკავებ", - აცხადებს მამუკა მახოშვილი.

მარნის დამფუძნებლის ინფორმაციით, ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე აქტიურად მუშაობს.

"რა თქმა უნდა, ვცდილობთ ჩვენი ღვინოების სახელი, როგორც საქართველოს, ისე მსოფლიო ბაზარზე აქტიურად დავამკვიდროთ. ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე საკმაოდ აქტიურად მუშაობს და ჩვენც ვაპირებთ მხარი დავუჭიროთ და აღნიშნულ პროცესში აქტიურად ვიყოთ ჩართული",- აცხადებს მამუკა მახოშვილი.

ცნობისთვის, მეღვინეობა კარდანახი 1888  ადგილობრივ ბაზარზე ღვინოს 2014 წლიდან აწარმოებს. ვენახის ფართობი 17 ჰექტარს მოიცავს, ხოლო ღვინის წლიური წარმადობა 100 000 ბოთლს შეადგენს.

გამოგვყევით