"ჰერბიას" ტურისტული კომპლექსი "კერა" გაიხსნა - ობიექტი 50%-მდე დატვირთულობით მუშაობს, - ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა და თანადამფუძნებელმა რევაზ ჯანელიძემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ახალი პროექტის საინვესტიციო ღირებულება 2 მილიონი ლარია და აქედან, სასტუმროს ნაწილი "აწარმოე საქართველოში"-ის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა.
"მიუხედავად იმისა, რომ 2 თვეც არ არის რაც კომპლექსი გაიხსნა მოთხოვნა უკვე არის. კომპლექსი მოიცავს რესტორანს, სოფლის ევოლუციის მუზეუმს, ღვინის მარანსა და სასტუმროს.
უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად, პრომეთეს მღვიმის დამთვალიერებლების რიცხვი გაიზარდა და შესაბამისად, ჩვენთანაც არის დატვირთულობა. ჩვენი დამსვენებლების 30% უცხოელი ტურისტია, მათ შორის, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, ბულგარეთიდან და ირანიდან, ხოლო 70% ადგილობრივი. ჩვენ წინასწარ ჯავშნებსაც აქტიურად ვიღებთ. კერძოდ, მიმდინარე პერიოდში, წინასწარი ჯავშნები შემოსულია, ადგილობრივების მხრიდან კორპორატიულ ღონისძიებებზე.
"კოპიტნარის აეროპორტი" ძალიან გვიწყობს ხელს, რადგან მგზავრები ხშირად გვსტუმრობენ ხოლმე. ჩვენ გვსურს, რომ დავამატოთ უფასო ტრანსფერი აეროპორტიდან-სასტუმრომდე და პირიქით, რაც ვფიქრობთ, რომ მოთხოვნის ზრდას კიდევ უფრო ხელს შეუწყობს.
გარდა ამისა, ტურისტებს კულინარულ და ასევე, ღვინის ტურს ვთავაზობთ, რაზედაც მოთხოვნა არის, თუმცა უფრო მეტი პოპულარიზაცია სჭირდება და ამაზე აქტიურად ვმუშაობთ", - აცხადებს "კერა ეთნო ჯგუფის" დამფუძნებელი რევაზ ჯანელიძე.
ცნობისთვის, აგროტურისტული სივრცე წყალტუბოში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარეობს. "ჰერბიამ" აგროტურისტულ საქმიანობის დაწყების შესახებ ჯერ კიდევ 2021 წელს განაცხადა, ხოლო ტურისტულ ობიექტზე მუშაობა მანამდე, 2 წლით ადრე დაიწყო. სასტუმრო 12 ნომრიანია და ჯამში 30-მდე ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი.