რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოში მდებარე ახალმა ტურისტულმა ობიექტმა — AskRioni-მ ფუნქციონირება დაიწყო. როგორც სასტუმროს დამფუძნებელი, თამარ ნამგალაძე "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, ამჟამად, ობიექტი 80%-იანი დატვირთულობით მუშაობს.
AskRioni-ის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, გარკვეული სახის ტენდენცია შეინიშნება, კერძოდ, ადგილობრივი ვიზიტორების 60% უშუალოდ აუზის გამო, ერთი დღით სტუმრობენ, უცხოელები კი, სასტუმრო სივრცეში რჩებიან და დასვენებას ადგილზე ამჯობინებენ.
ამასთან, თამარ ნამგლაძის ცნობით, სავარაუდოდ, შემოდგომაზე ტურისტულ ობიექტზე მინიმუმ 2 საუნის დამატება იგეგმება, თუმცა ამ ეტაპზე, დამატებითი დეტალები უცნობია.
"დავიწყებ იმით, რომ პირველი სეზონი გვაქვს. დატვირთულობას, რაც შეეხება ზოგჯერ ჩავარდები გვაქვს, მაგრამ ძირითადად, აქტიურები ვართ - მომხმარებლების ნაკლებობას არ ვუჩივით. წინასწარი ჯავშნების კონტექსტში, მაგალითად, აგვისტოში 40% უკვე დაკავებულია. ვიზიტორების 50% ადგილობრივი მოსახლეობაა, მეორე ნახევარი კი, უცხოელ სტუმრებზე მოდის. უცხოელები ძირითადად, სხვადასხვა, გიდებთან ერთად ტურებით მოდიან - წინასწარ აქვთ ყველაფერი გაწერილი. უცხოეთიდან პოლონეთიდან, ყირგიზეთიდან გვსტუმრობენ. ფასებს რაც შეეხება - 1 დღის ღირებულება 150 ლარიდან იწყება, სადაც საუზმე და აუზით სარგებლობა შედის.
გაფართოებას მოთხოვნის შესაბამისად დავიწყებთ, თუმცა ახლა ობიექტზე მინიმუმ 2 საუნის დამატებას ვგეგმავთ, რათა ყველა სეზონზე აქტიური ვიყოთ და პოტენციურ მომხმარებელს მრავალფეროვანი აქტივობა შევთავაზოთ. საუნები სავარაუდოდ, შემოდგომის ბოლოს უკვე მზად გვექნება, საინვესტიციო ღირებულებას, რაც შეეხება ამ ეტაპზე, თქმა გამიჭირდება. ქალაქისგან განსხვავებით, რაჭაში მუშახელის, მასალის და სხვა საკითხების მხრივ პრობლემები იქმნება ხოლმე, შესაბამისად, ღრმა დეტალებში ჩასვლა გამიჭირდება", - აღნიშნავს სასტუმროს დამფუძნებელი.
თამარ ნამგალაძე ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ რაჭაში გზებისა და სანიშნე ნიშნულების პრობლემა არ არის, შესაბამისად, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ობიექტზე მისვლა უპრობლემოდ შეუძლია.
"გამოწვევებს რაც შეეხება, ზამთარში ელექტროენერგია ხშირად ითიშება და ძალიან პრობლემატური თემაა, თუმცა იმედია, აღნიშნული საკითხიც მალე გადაიჭრება.
კონკურენციას, რაც შეეხება, რა თქმა უნდა, საკმაოდ დიდი კონკურენციაა. რაჭა ტურისტების მიღების მხრივ ყოველწლიურად იზრდება და ვითარდება. ჩემს გუნდთან ერთად აქტიურად ვმუშაობ, რომ კონკურენტუნარიანები ვიყოთ... მაგალითად, ამ ეტაპზე ჩვენ სადაც ვიმყოფებით, ახლომახლო აუზი არ არის, დამატებით მდინარის პირას ვართ და მომხმარებლების ყურადღებას ვიქცევთ - უპირატესობას გვაძლევს", - აცხადებს AskRioni-ის დამფუძნებელი.
ცნობისთვის, ამბროლაურის რაიონ სოფელი ჭრებალოში მდებარე 7 ნომრიანი სასტუმრო AskRioni ადგილობრივ ბაზარზე თითქმის 1 თვეა ოპერირებს.