საქართველოს მელიორაცია სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს ქვეყნის მასშტაბით აქტიურად განაგრძობს.
უწყების ცნობით, ლაგოდეხში, მაგისტრალური სარწყავი არხის დაახლოებით 1,1 კილომეტრიანი მონაკვეთი რკინაბეტონით მოპირკეთდა, მოეწყო ჩამქრობი ჭები, აშენდა საფეხმავლო და საავტომობილო ხიდები. აღნიშნული სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს. შედეგად, დაახლოებით 370 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფის გაუმჯობესებასთან ერთად, არხის მიმდებარედ არსებული საკარმიდამო ეზოების დატბორვის საშიშროება აღარ იარსებებს.
შპს "საქართველოს მელიორაციის" ინფორმაციით, სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.
საირიგაციო არხზე შესრულებული სამუშაოები საქართველოს მელიორაციის გენერალურმა დირექტორმა თამაზ მღებრიშვილმა რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
აღსანიშნავია, რომ, ამ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო 50 პროექტი მიმდინარეობს.