logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

პაატა კოკაია: ტურიზმი ვითარდება, თუმცა სასტუმროების რაოდენობა უფრო ჩქარა იზრდება

უძრავი ქონების სექტორში მოქმედი რეგულაციები აუცილებელია, ხოლო პროექტების განხორციელება მხოლოდ წინასწარ გაყიდვებზე დამოკიდებული არ უნდა იყოს, - ამის შესახებ "ინნ ჯგუფის" დამფუძნებელმა პაატა კოკაიამ "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში განაცხადა. 

„ინნ ჯგუფის“ დამფუძნებლის განცხადებით, თანამედროვე პროექტები ყველა მოქმედ რეგულაციას უნდა აკმაყოფილებდეს, მათ შორის, ენერგოეფექტურობისა და სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით.

"ხარისხიანი პროდუქტი აუცილებლად უნდა მივიღოთ, ბინები აუცილებლად უნდა იყოს ენერგოეფექტური, სახანძრო რეგულაციები დაცული, თუ გვინდა, რომ პროდუქტი შევქმნათ. რეგულაციები რაც დღეს არსებობს სწორია, უნდა იყოს",- აღნიშნა პაატა კოკაიამ.

პაატა კოკაიას შეფასებით, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დეველოპერულ სექტორში გაზრდილი კონკურენცია რჩება.

"რაც შეეხება გამოწვევას, დღეს ყველა ბიზნესმენი გადართულია დეველოპერულ სექტორში. დღეს მე ამას ვგრძნობ სასტუმროების სექტორში. საქართველოში ტურიზმი იზრდება, მაგრამ უფრო ჩქარა იზრდება სასტუმროების რაოდენობა და შესაბამისად, ყველას არ ყოფნის ტურისტი", - აცხადებს პაატა კოკაია.

მისი თქმით, მსხვილი და პასუხისმგებლიანი დეველოპერული კომპანიები პროექტების დაწყებამდე საბანკო დაფინანსებას ეყრდნობიან, რადგან მხოლოდ გაყიდვების მოლოდინზე აგებული მოდელი დამატებით რისკებს ქმნის როგორც კომპანიისთვის, ისე მყიდველებისთვის.

"ჩვენ არ ვიწყებთ პროექტს თუ ბანკის მიერ არ არის დაფინანსებული, ანუ იმის იმედზე, რომ კლიენტი მოვა, თანხას გადაიხდის და იყიდის, ჩვენ ამას ვერ ვენდობით და არცერთი სერიოზული დეველოპერი არ უნდა ენდოს. ადამიანს უნდა ჰქონდეს საშუალება, პროექტი დაამთავროს და დამთავრებული პროექტი ბოლოს აუცილებლად გაიყიდება. არიან დეველოპერები, რომლებიც ფიქრობენ, დღეს ფასს დავაკლებ, თუმცა თვითღირებულებაზე დაბალ ფასში ხომ ვერ გაყიდის. ამიტომ, მერე შეიძლება მოუწიოს ხარისხის გაფუჭება, ან არ დამთავრება",- აცხადებს პაატა კოკაია. 

გამოგვყევით