logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

"სახელმწიფოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი გახდა ხარისხი და არა დაბალი ფასი" - ICCA

„დღეს სახელმწიფოსთვის  კრიტიკულად მნიშვნელოვანი გახდა ხარისხი. აქამდე დაბალი ფასი იყო პრიორიტეტი," - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის (ICCA) ხელმძღვანელმა „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში სტუმრობისას განაცხადა.  ირაკლი გიორგობიანის თქმით, სატენდერო ფასი აცდენილი იყო რეალობას და ქმნიდა ცრუ მოლოდინს. სიიაფე მართლდებოდა დაბალი ხარისხითა და ჩავარდნილი პროექტებით.

"ამ სექტორში ასეთი ღია დისკუსია არასდროს არ ყოფილა. ბიზნესსა და სახელმწიფოს  გვქონდა ასიმეტრიული განსხვავებები სექტორთან მიმართებაში, პრობლემებთან დაკავშირებით. ჩვენ მოვახდინეთ გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება. ინფრასტრუქტურულ პროექტებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო, რომ ფასწარმოქმნა იყო არასწორი. ამას ემატება ის, რომ ხშირი პრაქტიკა იყო დემპინგის და ნებისმიერი მონაწილე უხარისხობას ამართლებდა დაბალი ფასით,“-განაცხადა ირაკლი გიორგობიანმა.

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, 2023-24  წლებში სექტორი მნიშვნელოვნად გაიზარდა, შესაბამისად ინფრასტრუქტურული პროექტებიც უფრო  მასშტაბური გახდა.

„ამან უფრო სწრაფად დაგვანახა ის პრობლემები, რაც ამ სისტემაში არსებობს. თუმცა არ არსებობდა პოლიტიკური ნება, რომ მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელებულიყო ამ სექტორის.

ციფრებში რომ შევხედოთ, ბოლო ოთხ წელში სექტორის გამოშვება ორჯერ გაიზარდა. ინფლაციასაც ამაში თავისი წვლილი ჰქონდა.  უნდა აღვნიშნოთ, რომ ნებისმიერი პროექტის ხარისხი იწყება მისი ინიცირების სტადიიდან, ტექნიკური დავალებით, სწორი ხარჯთაღრიცხვით და სწორი რეალიზებით. ჩვენ ერთად ვაღიარეთ, რომ ვერ შევქმნით ხარისხიან ინფრასტრუქტურას, თუ არ იქნა მისი რეალური საბაზრო ფასის გაანგარიშება,"-აღნიშნა ირაკლი გიორგობიანმა. 

მისივე თქმით, დაგეგმილი  ცვლილებები იქნება ინსტრუქცია სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის თუ როგორ უნდა განსაზღვრონ სავარაუდო სატენდერო ღირებულება, ნებისმიერი პროექტის. რა ხარჯები უნდა იქნეს გათვალისწინებული.

„აქამდე ზედნადებ ხარჯებში გვხვდებოდა ისეთი ხარჯები,  რაც პირდაპირი ხარჯი იყო, ამისი გამიჯვნა მოხდა. გეგმიური მოგება ისევ გვრჩება 8%-ის ოდენობით. რეალობაში ეს არის მნიშვნელოვანი მიღწევა იმის რომ სახელმწიფომ აღიარა რომ აქამდე არსებული პრაქტიკა არ უზრუნველყოფდა საბაზრო ფასს და აქედან გამომდინარე პრობლემებიც სახეზე გვაქვს,“-აღნიშნა ირაკლი გიორგობიანმა

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობა სახელმწიფო სამშენებლო პროექტების მარეგულირებელ საკანონმდებლო ნორმებში ცვლილებების ახალ პაკეტს ამზადებს, რომლის მიზანია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესის გაუმჯობესება, პროექტების შეჩერების რისკების შემცირება და სამშენებლო სექტორში უფრო მდგრადი და პასუხისმგებლიანი გარემოს შექმნა. 

რეფორმა მიზნად ისახავს სამშენებლო სექტორის გაძლიერებას, სახელმწიფო პროექტების ფინანსური მდგრადობის ზრდასა და სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში პასუხისმგებლობისა და გამჭვირვალობის უფრო მაღალი სტანდარტების დამკვიდრებას.

ცვლილებების ფარგლებში იზრდება ზედნადები და გაუთვალისწინებელი ხარჯების ლიმიტი, განახლდება სამშენებლო მასალებისა და მანქანა-მექანიზმების ფასები, ასევე დაინერგება ინდექსაციის მექანიზმი, რომელიც პროექტების მიმდინარეობისას ფასების ცვლილების შემთხვევაში ხელშეკრულების ღირებულების ნაწილობრივ კორექტირებას უზრუნველყოფს.

რეფორმა ასევე ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას — შესაძლებელი გახდება სახელმწიფო ტენდერებში პრეტენდენტისა და მისი ქვეკონტრაქტორის გამოცდილების გაერთიანება, რაც კომპანიებს მსხვილ პროექტებში უფრო აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს.

პარალელურად, მკაცრდება პასუხისმგებლობისა და კონტროლის მექანიზმები — იზღუდება არარეალისტურად დაბალი ფასებით ტენდერებში მონაწილეობა, ხოლო შავი სიის მექანიზმი ფართოვდება, რის შედეგადაც ფინანსურ ან კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებული პირების კომპანიები შესაძლოა სახელმწიფო ტენდერებიდან დისკვალიფიცირდნენ.

გამოგვყევით