გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ აბაშის მუნიციპალიტეტში ცხენისწყალი-აბაშის დამშრობი მასივის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს. სამელიორაციო სისტემის მოწესრიგების ფარგლებში, ამ ეტაპზე, სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ზანათში. მცენარეებისა და ნატანი მასისგან იწმინდება მაგისტრალური არხი, რომლის სიგრძე 4,3 კილომეტრია.
დამშრობ მასივზე ჩატარებული საექსპლუატაციო ღონისძიებები არხში წყლის შეუფერხებლად გატარებას შეუწყობს ხელს, რის შედეგადაც, 50 ჰექტარ სახნავ-სათეს და საკარმიდამო ნაკვეთებზე სადრენაჟე მომსახურება გაუმჯობესდება. აღნიშნული ხელს შეუწყობს ადგილობრივად სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოსავლიანობის ზრდასა და მიწის რესურსების ეფექტიან გამოყენებას.
აღნიშნული სამუშაოები შპს „საქართველოს მელიორაციამ“ საკუთარი ძალებით ოქტომბრის თვეში დაიწყო და 20 დეკემბრისთვის დასრულდება.
აღსანიშნავია, რომ, 2012-2024 წლებში, სამეგრელოში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, საერთო ჯამში, 12 400 ჰექტარი მიწის ფართობია დრენირებული, ჭარბი წყლის მოცილების სამუშაოები კი, 10 170 ჰექტარ მიწის ფართობზე განხორციელდა.