logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"9 თვის წინასწარი მონაცემებით, სადაზღვევო კომპანიების შემოსავალი ₾1.1 მლრდ-ის ფარგლებშია" - დავით ონოფრიშვილი

2023 წელს, პანდემიის შემდგომ, სადაზღვევო კომპანიების ერთიანმა  შემოსავალმა გადააჭარბა 1 მლრდ ლარს, 2024 წელს 1.259 მლრდ ლარი იყო, ხოლო მიმდინარე წლის 9 თვის წინასწარი  მონაცემებით აღნიშნული შემოსავალი 1.1 მლრდ-ის ლარის ფარგლებშია, - ამის შესახებ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა გადაცემა "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში განაცხადა. 

მისივე შეფასებით, 2025 წელს სადაზღვევო ბაზარზე არსებული კომპანიების ერთობლივი შემოსავალი 1.5 მლრდ ლარს მიაღწევს.

"სადაზღვევო ბაზარი მზარდია. სტატისტიკაზე დაკვირვებით შემიძლია გითხრათ, რომ ყოველ 5 წელიწადში ბაზარი ორმაგდება. შემოსავლების დინამიკა, თითოეულ წელიწადს 18%-მდე იზრდებოდა, ხოლო წლევანდელი 9 თვის მაჩვენებლებით, აღნიშნული ზრდა ჯერჯერობით 12%-ია, მაგრამ ვნახოთ წლის ბოლომდე როგორ წარიმართება პროცესები. ამასთან აღსანიშნავია, რომ სადაზღვევო მოგება, აქტივები და კაპიტალი გაზრდილია და ზოგადად აქტივობა, ნამდვილად არის ბაზარზე. აღნიშნული გამოწვეული იმით, რომ ბაზარი საკმაოდ გაჯერებულია. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ 19 სადაზღვევო კომპანია გვაქვს, რაც ნამდვილად დიდი რიცხვია. შეიძლება ამის შეზღუდვა სხვადასხვა მეთოდით, მათ შორის, მინიმუმი კაპიტალის გაზრდით, მაგრამ ამას არ ვაკეთებთ. როდესაც ბაზარზე 19 კომპანიაა კონკურენცია მაღალია და მაღალი კონკურენცია საბოლოო ჯამში ხარისხს აუმჯობესებს. 

სადაზღვევო კომპანიების რაოდენობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ფინანსურად რამდენად ძლიერები არიან და რამდენად იცავენ მომხმარებლების უფლებებს. კომპანიების ნაწილი მხოლოდ ერთ სფეროში არიან, მაგალითად "ალდაგს" ჯანმრთელობის დაზღვევა არ აქვს, "ჯი პი აის" მთავარი აქცენტი ჯანმრთელობის დაზღვევაზე აქვს, ხოლო TBC დაზღვევას ცოტ-ცოტა ყველა მიმართულებით აქვს მომსახურება", - აცხადებს დავით ონოფრიშვილი.

მანვე აღნიშნა, რომ ქვეყანაში სადაზღვევო ინდუსტრია სწორად ვითარდება და გაკოტრების რისკის წინაშე, არც ერთი კომპანია არ დგას.

შეგახსენებთ,დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით,  2025 წლის 6 თვის განმავლობაში მოზიდული სადაზღვევო პრემია პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან  802 მილიონ ლარს შეადგენდა.  ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგების მოცულობა 162 მილიონი ლარი იყო, წმინდა მოგება კი 56 მილიონ ლარს შეადგენდა. 

2025 წლის 6 თვის მონაცემებით, სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა 1 727 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო კაპიტალი 466 მილიონ ლარს.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 30 ივნისის მდგომარეობით რეგისტრირებულია 19 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.

გამოგვყევით