logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

"TAV-ის გასვლის შემთხვევაშიც კი, ორივე აეროპორტი გამართული უნდა დავტოვოთ" - თეა ზაქარაძე

TAV Georgia თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში ინვესტირებას განაგრძობს. კომპანიის 2025 წლის საინვესტიციო გეგმებიც ინფრასტრუქტურულ განახლებას და სერვისების კიდევ უფრო გაუმჯობესებას უკავშირდება.

როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე “ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, კომპანიამ 2024 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში $7,3 მლნ-ის, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში $2 მლნ-ის ინვესტირება განახორციელა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მოჭარბებულ ტრაფიკს დავახვედროთ შესაბამისი ინფრასტრუქტურა. რა თქმა უნდა, 2024 წელს ჩვენ გავაფართოვეთ გაფრენის ტერმინალი, ვაფართოებთ მოფრენის ტერმინალს, რაც, მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 6 მლნ მგზავრს უპრობლემოდ მოემსახურება. ვაზიანის აეროპორტია დაანონსებული და იცით, რომ ვიდრე ვაზიანის აეროპორტი გაიხსნება და აშენდება, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ღირსეულად უნდა მოემსახუროს მგზავრს, ტურისტს, ყველა შემომსვლელს და გამსვლელს ქვეყნიდან. რა თქმა უნდა, ინვესტირებას ჩვენ ყოველწლიურად ვახდენთ და 2025 წლისთვისაც გაქვს ძალიან ბევრი ახალი პროექტი, იმ ფარგლებში რისი ინფრასტრუქტურაც გაგვაჩნია“, - აცხადებს თეა ზაქარაძე.

TAV Georgia-ს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მართვაზე სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულება 2027 წელს ეწურება, თუმცა კომპანიის გენერალური მენეჯერი აცხადებს, რომ TAV Georgia-ს მხრიდან ყველაფერი გაკეთდება, რათა აეროპორტების ინფრასტრუქტურა დარჩეს გამართული.

“ჩვენ 2027 წლის თებერვლამდე გვაქვს კონტრაქტი თბილისში, ხოლო 2027 წლის აგვისტომდე - ბათუმში. ამ ეტაპზე სხვას ვერაფერს ვერ გეტყვით. საუბარია კომპანიაზე და ლოგოზე, თორემ გუნდი რჩება. შესაბამისად, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ინფრასტრუქტურა და თუნდაც, რომ გავიდეთ, ორივე აეროპორტი გამართული უნდა დავტოვოთ, რათა ქვეყანას პრობლემა არ შეექმნას. აეროპორტები არის ქვეყნის სტრატეგიული ობიექტები: ბათუმი არის ტურისტული ცენტრი, ხოლო თბილისი არის დედაქალაქი და შესაბამისად, სანამ ვაზიანის აეროპორტი გაიხსნება ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ “ტრაფიკის” გატარება შეძლოს ორივე აეროპორტმა“, - ამბობს TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი.

გამოგვყევით