ნებისმიერი ერთჯერადი დავალების შემსრულებელი სერვისის "ვემპლერის" თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსანდრე თავხელიძემ “ბიზნესპარტნიორთან” კომპანიის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, ძალიან მალე ბაზარზე გამოჩნდება ახალი პლატფორმა, რომელიც ბიზნესის დავალებებს შეასრულებს.
„ეს არის ჩვენთვის ახალი შესაძლებლობა. ეს იქნება მორგებული ბიზნესებზე და დაეხმარება მათ იმ ერთჯერადი საქმეების მოგვარებაში, რომელიც ძალიან აწუხებთ და სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ არსებობს სერვისი, რომელიც მათ ამ პრობლემას მოუხსნის. უმოკლეს ვადაში ბაზარზე გამოჩნდება პლატფორმა, რომელიც ამ მოთხოვნას სრულად დააკმაყოფილებს. ახალი პლატფორმა „ვემპლერის“ პროდუქტია და შესაბამისად, „ვემპლერის“ სახელით განაგრძობს ოპერირებას“, - აცხადებს ალექსანდრე თავხელიძე.
გარდა ამისა, „ვემპლერის“ დამფუძნებლის თქმით, ადგილობრივი ბაზრის გარდა, კომპანიის გრძელვადიან გეგმებში უცხოურ ბაზრების ათვისებაც არის.
„რა თქმა უნდა, გეგმა არის უცხოურ ბაზარზე გასვლაც, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ახალი ნიშა აღმოვაჩინეთ და კიდევ დიდი პოტენციალი გვაქვს, მინიმუმ 2024 წლის ბოლომდე ადგილობრივ ბაზარზე დავრჩებით. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენს გრძელვადიან გეგმებში, არაერთი უცხოური ბაზრის ათვისებაა“, - აღნიშნა მან.
ცნობისთვის, "ვემპლერი" სტარტაპია, რომელიც მომხმარებლებს ნებისმიერი ერთჯერადი დავალების შესრულებას სთავაზობს. ის ბაზარზე 2022 წელს გამოჩნდა. "ვემპლერის" საშუალებით, ადამიანებს თავადაც შეუძლიათ, სხვებს დაეხმარონ და ამით თანხა გამოიმუშაონ თავიანთი უნარებისა და დროის ხარჯზე.