აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროსა და ყურის სანაპიროს ნავსადგურების მუშაკები გაიფიცნენ. მათ პორტების მფლობელებისთვის ახალი კონტრაქტების გაფორმების ვადა ჰქონდათ მიცემული, რაც ამოიწურა.
ვარაუდობენ, რომ გაფიცვა შეაჩერებს ქვეყნის საოკეანო გზით მომარაგების დაახლოებით, ნახევარს.
ანალიტიკოსების შეფასებით, თუკი ვითარება არ შეიცვალა, ეს გაფიცვა დაბლოკავს ყველაფერს - საკვებიდან დაწყებული საავტომობილო გადაზიდვებით დამთავრებული - ათობით პორტს მეინიდან ტეხასამდე, რაც ეკონომიკას დღეში მილიარდობით დოლარი დაუჯდება. ეს კი, სამუშაო ადგილებზე ნეგატიურად აისახება და ინფლაციას გაზრდის.
გაერთიანება Longshoremen's International Association (ILA), რომელიც პორტების 45,000 დასაქმებულს აერთიანებს, ახალი, ექვსწლიანი კონტრაქტის გასაფორმებლად მოლაპარაკებებს აწარმოებდა შეერთებული შტატების საზღვაო ალიანსის (USMX) დამსაქმებელთა ჯგუფთან.
ILA-ს ლიდერმა ჰაროლდ დაგეტმა თქვა, რომ დამსაქმებლებმა, მათ შორის საკონტეინერო გემების ოპერატორმა Maersk-მა და მისმა APM Terminals North America-მა, ხელფასების ზრდის შესახებ სათანადო შეთავაზება არ წარადგინეს. USMX-მა კი განაცხადა, რომ მან მეორე მხარეს ხელფასების თითქმის, 50%-იანი ზრდა შესთავაზა.
ILA-ის ეს გაფიცვა, რომელიც, 1977 წლის შემდეგ პირველი იქნება, უკვე აშფოთებს ბიზნესს, რომელიც საოკეანო გადაზიდვებს ეყრდნობა ნაწარმის ექსპორტისთვის ან იმპორტის უზრუნველსაყოფად. გაფიცვა ეხება 36 პორტს, რომელიც საკონტეინერო ტვირთებს და ყველა სახის ნედლეულს ემსახურება - ბანანიდან დაწყებული, ტანსაცმლითა და მანქანებით დამთავრებული.