"ჯორჯიან მანგანეზის" ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა სილიკომანგანუმის წარმოებას 60%-ით ამცირებს, მიზეზი კვლავ, მსოფლიო ბაზარზე სილიკომანგანუმზე ფასის ვარდნა და მოთხოვნის შემცირებაა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა, რომელიც ქვეყნის უმსხვილესი საექსპორტო საქონლის, ფეროშენადნობების ყველაზე დიდი მწარმოებელია, მიმდინარე წლის ოქტომბრიდან, 11 მოქმედი ღუმელიდან 6 გააჩერებს, რაც ყოველთვიურად საწარმოო პროდუქციის 20 ათასი ტონიდან 8 ათას ტონამდე შემცირებას გულისხმობს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ფეროშენადნობების ბაზარზე არსებული კრიზისი ჩინეთის უძრავი ქონების ბაზარზე არსებული პროცესებითა და უკრაინაში მიმდინარე ომითაა გამოწვეული. ამასთან, კომპანიაში განმარტავენ, რომ წარმოების შემცირება არ მომხდარა დასაქმებულთა შემცირების ხარჯზე.
"ჯორჯიან მანგანეზის" ფეროშენადნობთა ქარხანამ ამავე მიზეზით, წარმოება გასული წლის სექტემბერშიც 75%-ით შეამცირა.