logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

სამეგრელოში წარმოებული ლოკოკინა თურქეთშიც იყიდება

ქართულ-ნორვეგიული კომპანია „სნეილ ქეჩის“ (ნადი გრუპის) მიერ წარმოებული ლოკოკინები თურქეთშიც იყიდება. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის თანადამფუძნებელმა მერაბ ნადარაიამ განუცხადა, „სნეილ ქეჩის“ ლოკოკინა თურქეთში მიმდინარე წლის გაზაფხულზე გავიდა.

მისივე ინფორმაციით, კომპანიის მიზანი საექსპორტო ბაზრების განვითარებაა. ამჟამად, მოლაპარაკებები ესპანეთთან და საფრანგეთთან მიმდინარეობს.

"ჩვენი პროდუქცია მომდევნო წელს, სავარაუდოდ, გაზაფხულიდან ესპანეთსა და საფრანგეთშიც გაიყიდება. დაინტერესება გაზრდილია უცხოური ბაზრების მხრიდან. ამ ეტაპზე ექსპორტზე ჩვენი წარმოების, დაახლოებით, 90% გადის", - აღნიშნა მერაბ ნადარაია.

გარდა ამისა, კომპანია ექსპორტზე ლოკოკინას ნახევარფაბრიკატების გატანასაც გეგმავდა, თუმცა როგორც მერაბ ნადარაია განმარტავს, "სნეილ ქეჩის" პარტნიორებმა ამ ეტაპზე აღნიშნული პროდუქტის მიმართ ინტერესი არ გამოთქვეს.

მიუხედავად ამისა, კომპანიის თანადამფუძნებელს აქვს მოლოდინი, რომ ნახევარფაბრიკატები ექსპორტზე მომავალი წლის გაზაფხულზე გავა.

ცნობისთვის, „სნეილ ქეჩმა“ ლოკოკინების ნახევარფაბრიკატების ქარხნის მშენებლობა 2023 წელს დაასრულა. კომპანიამ პროექტში 1,5  მლნ ევროს ინვესტიცია განახორციელა. ქარხანა 1 800 კვადრატულ მეტრ ფართობზე სენაკში აშენდა.

კომპანიის საკუთრებაშია ხობში 6 ჰექტარზე, ხოლო სენაკში 3 ჰა-ზე გაშენებული ლოკოკინას ფერმა, რომელიც 2021  წელს შეიქმნა. ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით ₾1,26 მლნ მიიღო. „სნეილ ქეჩის“ პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე რესტორნებსა და სასტუმროებში იყიდება, ხოლო ექსპორტზე იტალიასა და თურქეთში. 

 

გამოგვყევით