logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

"თეთრი სია" რომ ჯანმრთელ მდგომარეობაში არ არის ეს ფაქტია, სამინისტროს გადაწყვეტილებით სასიამოვნოდ გაოცებული ვარ - პაატა ტრაპაიძე

"თეთრი სია" რომ ჯანმრთელ მდგომარეობაში არ არის ეს ფაქტია - ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით სასიამოვნოდ გაოცებული ვარ, - ამის შესახებ კომპანია "კავკაზუს როუდ პროჯექტის" დამფუძნებელმა პაატა ტრაპაიძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა. 

მისი თქმით, ცვლილებები "თეთრ სიაში" შემავალი კომპანიების რაოდენობას შეამცირებს, თუმცა ამავდროულად ბიზნესი შეცდომების გამოსწორებას დაიწყებს.

"ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას "თეთრ სიასთან" დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ვეთანხმები. ორმხრივი აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო და რადიკალური ცვლილებები არ იქნება. როგორც დამკვეთის, ისე შემსრულებლის ინტერესები გათვალისწინებული უნდა იყოს. რევოლუციური ცვლილების მომხრე არ ვარ, მაგრამ ცვლილებებში უნდა მოხდეს რევოლუცია. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიები 2026 წლიდან მოიმატებს, მაგრამ მანამდე ბევრი რამ კიდევ სალაპარაკოა. გარდა ამისა, შეიცვლება კრიტერიუმები, რადგან "თეთრ სიაში" მოხვედრა დღეს ძალიან მარტივია და ამ პირობებში ის კომპანიები, რომლებიც ხარისხიანად მუშაობენ და ვალდებულებებს ასრულებენ იჩაგრებიან.

მე დღეს სასიამოვნოდ გაოცებული ვარ, რომ ჯანსაღმა აზრმა დაიწყო გამარჯვება. ვფიქრობ, აღნიშნული ცვლილება "თეთრი სიაში" კომპანიების რაოდენობას შეამცირებს და ასევე, ის კომპანიები, რომლებიც კეთილსინდისიერად არ მუშაობენ მიხვდებიან, რომ ასე არ შეიძლება. ამაში ცუდი არაფერი არ არის", - აცხადებს პაატა ტრაპაიძე.

რაც შეეხება მშენებლობის ფასს - როგორც პაატა ტრაპაიძე აღნიშნავს საფასო პოლიტიკა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ არის და სახელმწიფო ბიზნესს ახალი საფასო პოლიტიკის შემუშავებას ჰპირდება. 

ცნობისთვის, დღეს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ე.წ თეთრ სიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, ახალი მოდელის  თანახმად: ,,თეთრი სიის“ შემთხვევაში, 2026 წელს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია განისაზღვრება 60%-ით, 2027 წელს - 70%-ით; 2028 წელს – 80%-ით; 2029 წლიდან კი ამოქმედდება ახალი მოდელი, რომელიც დააზუსტებს კრიტერიუმებს, რომლის საფუძველზეც კომპანიები მოხვდებიან „თეთრ სიაში“ და ისარგებლებენ შესაბამისი პრეფერენციებით.

აღნიშნულის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრის რევაზ სოხაძისა და  სამშენებლო კომპანიების, ინფრტასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციისა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან მორიგ შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

შეხვედრაზე, ასევე  ყურადღება დაეთმო ფასების პოლიტიკას. მინისტრის განმარტებით, სახელმწიფოს მხრიდან განიხილება ინიციატივა,  დაინერგოს ფასწარმოქმნის ახალი მიდგომები, რაც გულისხმობს საბაზრო ღირებულების განსაზღვრას და მის გათვალისწინებას სახელმწიფო შესყიდვებში.

ცნობისთვის, ე.წ. თეთრი სია წარმოადგენს სახელმწიფოს შესყიდვების სააგენტოს მიერ ელექტრონულად წარმოებულ ოფიციალურ რეესტრს, რომელშიც რეგისტრირებული მიმწოდებელი სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობისას სარგებლობს კანონითა და ამ წესით გათვალისწინებული გამარტივებული პროცედურებით. კერძოდ, საუბარია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის №2 ბრძანებაზე, რომელიც 2016 წლის 26 თებერვალს გამოიცა და ამოქმედდა 2016 წლის 1 მარტიდან. აღნიშნულ დოკუმენტში საუბარია, "თეთრი სიის" წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ.

გამოგვყევით