logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

3 გამოწვევა, რომელიც დღეს ქართულ რითეილ სექტორს აქვს

რითეილ სექტორი, ისევე როგორც გასულ წლებში, 2024 წელსაც ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს, თუმცა ბრუნვის ზრდა აღარ არის ისეთი მაღალი, როგორც ეს პირობითად 2023 და 2022 წელს იყო, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“  „თბილისი ცენტრალის“ დირექტორმა  ლევან ყარალაშვილმა  ისაუბრა.

მისივე ინფორმაციით, თუ სავაჭრო ცენტრებს გასულ წელს ბრუნვა თვიდან თვემდე 10-12 პროცენტით ეზრდებოდათ, წელს ეს მაჩვენებელი შენელებულია და 2-3%-ს შეადგენს.

ბრუნვის შენელებაზე საუბრობს  "რითეილ გრუპ ჯორჯიას" დირექტორი რეზო მაღალაშვილიც. მისი თქმით, წელს თბილისის სავაჭრო ცენტრებში მომხმარებლების ტრაფიკი, ფაქტობრივად, არ შეცვლილა და გასული წლის დონეზე დარჩა. შესაბამისად, მიმდინარე წლის პირველ 5 თვეში რითეილ სექტორის შემოსავლებში მინიმალური ზრდა დაფიქსირდა.

„მაგალითად, ჩვენ მიმდინარე წლის პირველ 5 თვეში 1 პროცენტიანი ზრდა გვქონდა თბილისში. თუმცა, განსხვავებული სურათია ბათუმში, სადაც მსხვილი ბრენდების მაღაზიები არც თუ ისე დიდი ხანია გავხსენით, ამიტომ, აქ ბრუნვის 24%-იანი ზრდა გვაქვს“, - განმარტავს მაღალაშვილი.

სექტორში მიუთითებენ იმაზეც, რომ თუ თბილისში დიდი მოლების მომხმარებლებს შორის ადგილობრივები ჭარბობენ და უცხოელების წილი მცირეა, ბათუმში უცხოელი მომხმარებლების რიცხვი 50-60%-ია. 

რაც შეეხება გამოწვევებს - რითეილ სექტორი კვლავ კადრების დეფიციტზე მიუთითებს. სექტორში ამბობენ, რომ ხელფასები გაზარდეს, თუმცა მიუხედავად ამისა, მოლარის, კონსულტანტის თუ სხვა პოზიციებზე კადრების მოძიება მაინც უჭირთ. რითეილ სექტორისთვის გამოწვევას წარმოადგენს ლარის კურსის გაუფასურებაც. დარგის წარმომადგენლების შეფასებით, კოლექციები უმეტესად ევროპიდან შემოაქვთ, შესაბამისად, ლარის გაუფასურება ევროსთან და დოლართან მიმართებით მძიმე ტვირთად აწვებათ. ისინი ამბობენ, რომ მიმდინარე წელს სხვადასხვა ტიპის პროდუქციაზე ჯერ ფასები არ გაუზრდიათ. ფასების კორექტირება არც ზაფხულის ბოლომდე იგეგმება, რადგან სეზონის ბოლოს ფასწარმოქმნა არ ხდება. თუმცა, არ გამორიცხავენ რომ, თუ ლარის კურსი არ დასტაბილურდება, შემოდგომა-ზამთრის კოლექციებზე ფასების აწევა მოუწევთ. 

კიდევ ერთი გამოწვევა, რომელზეც სექტორში საუბრობენ დიდი სავაჭრო ფართების დეფიციტია. რეზო მაღალაშვილის თქმით, დედაქალაქში არსებული მოლები თითქმის 100 პროცენტიანი დატვირთვით მუშაობენ, რაც ერთი მხრივ, ახალი და მსხვილი ბრენდების შემოყვანის პროცესში, გამოწვევას წარმოადგენს, ვინაიდან, დიდ ბრენდებს სჭირდებათ დიდი სავაჭრო ფართები, რაც ქვეყანაში ფაქტობრივად აღარ არის დარჩენილი, ამიტომ, მათი შემოსვლა დროებით დაპაუზებულია.

პროგნოზებზე საუბრისას კი, დარგში ამბობენ, რომ ბოლო 3 წელში, რითეილ სექტორის შემოსავლებში მუდმივად ზრდა ფიქსირდებოდა, რაც იძლევა იმის საფუძველს, რომ მიმდინარე წელიც, მზარდი სტატისტიკური მონაცემებით დასრულდება, ან 2023 წლის მონაცემებს გაიმეორებს.

ცნობისთვის, თბილისში მდებარე სავაჭრო ცენტრების მომხმარებლების საშუალო დღიური მაჩვენებელი 25-30 ათასია, ხოლო შაბათ-კვირას ეს მაჩვენებელი 40-45 ათას კაცამდე იზრდება.

გამოგვყევით