ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისა და მათი ოჯახებისთვის ამანათების გაგზავნისა და მიღების პროცესი გამარტივდა.
კომპანიამ, სახელწოდებით Meko Gzavnili ამერიკის ხაზი დაამატა და უკვე რამდენიმე კვირაა, მომხმარებელს ამანათების გადაზიდვას ამერიკიდან საქართველოში და პირიქით, საქართველოდან ამერიკაში, 5–7 დღის ვადაში სთავაზობს.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ Meko Gzavnili-ს წარმომადგენელმა თამო ქირიამ განუცხადა, ამერიკის მიმართულების დამატება შეერთებულ შტატებში ქართველი ემიგრანტების გაზრდილმა რიცხვმა და მათი მხრიდან არსებულმა მაღალმა მოთხოვნამ განაპირობა.
„პირველი და მნიშვნელოვანი, ამ ეტაპზე, რაც გვაქვს ეს არის მისამართიდან ამანათის უფასოდ აღების სერვისი. ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე აშშ-ში მუშაობს 24 საათიან რეჟიმში, რაც არის ძალიან რთული მათთვის. მხოლოდ ერთი დასვენების დღე შეიძლება ჰქონდეთ და ისიც, ამანათის ჩასაბარებლად რომ დახარჯონ, არც თუ ისე კომფორტულია. ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ მათ ეს პროცესი გავუმარტივოთ და მივაკითხოთ ნებისმიერ ადგილზე. ჯერჯერობით, მოვიცავთ აშშ-ს 3 შტატს, ესენია - პენსილვანია, ნიუ-ჯერსი და ნიუ-იორკი. ამ სამი შტატის მასშტაბით მივდივართ ყველაზე მიუვალ ადგილებშიც და მოგვაქვს ამანათი ნებისმიერი წონის, რაც მთავარია უფასოდ“, - აღნიშნა თამარ ქირიამ.
მისივე თქმით, ვინაიდან, ქართველი ემიგრანტები უკვე აშშ-ს ყველა შტატში არიან წარმოდგენილები, კომპანია აპირებს, 2026 წლიდან სრულად დაფაროს აშშ-ს ბაზარი. გარდა ამისა, Meko Gzavnili-ს გეგმებშია, რომ გახსნას საქართველოს რეგიონებში 10-მდე ფილიალი, რათა ემიგრანტების ოჯახებმა მარტივად შეძლონ ამანათების გაგზავნა ამერიკაში.
ცნობისთვის, Meko Gzavnili ბაზარზე უკვე 7 წელია ოპერირებს და აქამდე, მომხმარებელს ამანათების გადაზიდვის სერვისს მხოლოდ ევროპიდან და ჩინეთიდან სთავაზობდა.