„ბიზნესმა თავისი საქმე უნდა აკეთოს და პოლიტიკოსმა - თავისი“ , - ასე უპასუხა „ინნ ჯგუფის“ თანადამფუძნებელმა პაატა კოკაიამ - „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში, წამყვანის შეკითხვას, რომელიც სხვადასხვა ბიზნესზე ამჟამინდელი ხელისუფლების შესაძლო გავლენებს და შიშის ფაქტორს ეხებოდა.
„თქვენ გაგიგიათ, რომ რომელიმე ადამიანს ბიზნესი წაართვეს, გადაიფორმეს? მე არ გამიგია ეგეთი შემთხვევა, ანუ დღეს, ბიზნესს არ აქვს შიში. თუ არაფერს არ გერჩიან, შიში რატომ უნდა გქონდეს“, - განაცხადა კოკაიამ წამყვანის შეკითხვის საპასუხოდ.
მისივე განმარტებით, შიშის ფაქტორი ამჟამად ბიზნესებს არ აქვთ, თუმცა, მთავარია არ იყოს სხვადასხვა ხელის შემშლელი ფაქტორები.
„ინნ ჯგუფის“ თანადამფუძნებელმა პანდემიის პერიოდში მისი სასტუმროების მაღალი დატვირთულობის მიზეზებზეც ისაუბრა.
„ჩემი თანამშრომლობა ხელისუფლებასთან შემოიფარგლება მხოლოდ გადასახადების გადახდით. არასდროს არცერთ პარტიაში არ ვყოფილვარ. ამიტომ, ის, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი ვარ და მაგიტომ ვიმუშავეთ კოვიდ პანდემიის დროს სხვებისგან განსხვავებული დატვირთვით, სიმართლეს არ შეესაბამება. მაშინ, თითქმის ყველა სასტუმრომ განაცხადა, რომ მიიღებდა კოვიდ პაციენტებს, მათ შორის - ჩვენც. ყველაზე მეტი ნომრები ჩვენ გვქონდა და შესაბამისად, ყველაზე მეტი ხალხი ჩვენ შევიყვანეთ“, - აღნიშნა კოკაიამ.
„ინნ ჯგუფის“ თანადამფუძნებელმა ბიზნესისთვის სტაბილურობისა და მშვიდობის როლზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ კერძო სექტორისთვის მთავარია შეძლოს ხელფასების გადახდა, კრედიტების გადახდა, წინ წავიდეს და კიდევ უფრო მეტი ხალხი დაასაქმოს.