კომპანია "ბუკარდი", რომელიც ინდივიდუალურად დამზადებულ სუვენირებს და ბრენდირებულ საჩუქრებს აწარმოებს, 2 თვეში პროდუქციის ხაზს აფართოებს.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი, თათა მურაჩაშვილი "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, უკვე არსებულ ასორტიმენტს ტყავის საფულეები, სასაჩუქრე ხელნაკეთი დანები, ხმლები და ქართული სუვენირები დაემატება.
მისი ინფორმაციით, ახალი პროდუქციის საწყისი საინვესტიციო ღირებულება 40 000 ლარს შეადგენს. ამასთან, თათა მურაჩაშვილის თქმით, "ბუკარდის" გაყიდვები სტაბილურია და თვეში მინიმუმ 50 ერთეული ნივთის რეალიზაცია ხდება.
"ნედლეულს ძირითადად ჩინეთიდან ვიწერ. უფრო კონკრეტულად, რომ გითხრათ - ნედლეულის შეძენის შემდეგ, დანადგარი მაქვს და სხვადასხვა, პროდუქტს თავად ვაწარმოებ. ყველაფერს თავად ვქმნი და თანამშრომლების დამატებასაც ვგეგმავ. ასორტიმენტის გაზრდა საზოგადოების მოთხოვნიდან გამომდინარე გადავწყვიტე. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მომხმარებელთა რაოდენობა დაახლოებით, 40%-ით გაიზარდა, რასაც სოციალურ ქსელში აქტიურ მარკეტინგულ ჩატარებას ვუკავშირებ. კერძოდ, სხვადასხვა, ონლაინ პლატფორმებზე სარეკლამო ხარჯი გავზარდე, რაც მყიდველების რაოდენობის ზრდაზე სარკისებური ეფექტით აისახა", - აღნიშნავს ონლაინ კომპანიის დამფუძნებელი.
თათა მურაჩაშვილი ასევე კორპორაციულ შეკვეთებზეც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ წელიწადში კორპორაციული შეკვეთების წილი მთლიანი გაყიდვების 50%-ს შეადგენს.
"მყიდველების 80%-ი ადგილობრივი მოსახლეობაა, დანარჩენი წილი კი, უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს უჭირავს. განსაკუთრებით, საბერძნეთიდან და იტალიიდან აქტიურობენ. ფასების დიაპაზონს, რაც შეეხება 45 ლარიდან იწყება და 400 ლარამდე მერყეობს. კორპორაციული შეკვეთები ხშირად გვაქვს, მაგალითად, სხვადასხვა, დაწესებულებები კალმებს, ბრენდირებულ ჩანთებს გვიკვეთავს. ამ ხაზით მუშაობას ძალიან აქტიურად ვაგრძელებთ", - აღნიშნავს "ბუკარდის" დამფუძნებელი.
კომპანია "ბუკარდი", რომელიც ინდივიდუალურად დამზადებულ სუვენირებს და ბრენდირებულ საჩუქრებს აწარმოებს ადგილობრივ ბაზარზე 4 წელია ოპერირებს. ამასთან, აღნიშნული კომპანია პროდუქციას ონლაინ პლატფორმების საშუალებით ყიდის.